გამოფენა: ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას
18-22 ნოემბერს, "ფაბრიკა"-ს საგამოფენო სივრცეში იდააფ არქიტექტორებმა წარმოადგინა ვორქშოფი "ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპქტივები" -ს შედეგები.
ალიზი, ანუ გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური უძველესი სამშენებელო მასალაა. ტრადიციულად, ალიზი მზადდება მიწითა და წყლით და სიმტკიცისთვის გარეული აქვს ქვიშა, წვრილად დაჭრილი თივა, ნამჯა, ბზე და სხვ. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სამშენებელო მასალა, რომელიც გამოირჩევა იაფი წარმოებით, კარგი ხმა და თბოიზოლაციითა და მაღალი ხანძარმედეგობით.
ვორქშოფი ალიზი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. შესწავლილ იქნა ალიზის შენობები კახეთის სოფელ ქვემო მაღაროში და ქართლის სოფლებში: რუისი, გარეჯვარი და ხიდისთავი. გარდა ამისა, ვორქშოფის გუნდმა საქართველოს რეგიონებიდან მოიპოვა სხვადასხვა ფერის მიწები, რითიც დაამზადდა აგურების ახალი მოდულები და კედლის დეკორატიული ფილები.
გამოფენაზე წარმოდგენილია აგურები: ჰაე - მარიამ პაპავა; დომინო - ჯოყოლა ქისტაური; ჯ - ელენე ფიჩხაძე, ეს - მეა მიმინოშვილი და იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავებული აგური ია, რომლის ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და საშუალებას იძლევა მარტივად აშენდეს წინასწარ დაგეგმილი შენობები. გამოფენაზე იდააფ არქიტექტორები ასევე წარმოადგენს ალიზით დამზადებულ საავტორო ავეჯს.
ვორქშოფი ალიზი პირველი მცდელობაა ამ მასალის შესახებ ცნობიერების ამაღლების და თანამედროვე მშენებლობაში მისი დაბრუნების პირობების განსაზღვრის. სამთვიანი მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ტრადიციულ და ახალ აგურებს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ მასალებს, რომელთა არაეკოლოგიური წარმოების გამოც მსოფლიო გლობალური დათბობისა და კატასტროფების წინაშე დადგა; იმისთვის, რომ ალიზმა არსებული სამშენებლო ნორმები დააკმაყოფილოს და მისი სრულყოფილი მოდულები შეიქმნას, მომდევნო წლებში საჭიროა დამატებითი ვორქშოფების ჩატარება, რაც პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად მოიცავს ლაბორატორიულ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ვორქშოფი ჩატარდა იდააფ არქიტექტორები~ის ორგანიზებით.
პროექტის ხელმძღვანელი: ნანა ზაალიშვილი.
იდააფ არქიტექტორების გუნდი: ალექსანდრე იობიძე, სოფო წივილაძე, დეა ხიზანიშვილი.
მონაწილეები: მარიამ პაპავა, ელენე ფიჩხაძე, ჯოყოლა ქისტაური, მეა მიმინოშვილი.
განსაკუთრებული მადლობა:
გივი ჯაყელს - მიწის არქიტექტურის შესახებ ცოდნის გაზიარებისა და ალიზის დამზადების პრაქტიკული გაკვეთილებისთვის;
სალომე ბერეჩიკიძეს პრაქტიკულ სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის და გარემოსდაცვითი ანალიზის მომსადებისთვის;
სამშენებლო კომპანია „ალიზი“-ს - ფინანსური და მეგობრული მხარდაჭერისთვის;
ყველა დამხმარეს, ვინც პრაქტიკულ სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა;
დათო კალმახელიძეს, ტიმ გიკს, შერონ ედინგტონს და კრის ბელს - ვორქშოფის ფინანსური მხარდაჭერისთვის.