‘აგური’

პროექტი აგური IA (IA BRICKS) იდააფ არქიტექტორების მიერ სამშენებლო მასალის შექმნის პირველი მცდელობაა, რომელზეც მუშაობა 2018 წელს დაიწყო. პროექტის განმავლობაში დამუშავდა დიზაინი ორი მოდულარული ფორმისა სახელწოდებით: IAS & IAM. ეს ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და მარტივად შენების საშუალებას იძლევა.  

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აგური IA’- წარმოება ხის მასალაში მოიაზრებოდა პროპორციებით: 60x30x45 სმ და 30x30x45 სმ, თუმცა ალტერნატიული მასალების ძიებისას გაჩნდა იდეა ამ ფორმებით დამზადებულიყო ალიზი - მზეზე გამომშრალი მიწის აგური, რომელსაც მსოფლიო და ქართული ვერნაკულარული არქიტექტურა კარგად იცნობს. 

ალიზის სამშენებლო აგურების IAS & IAM პირველი პროტოტიპები დამზადდა ვორქშოფი: “ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და სამშენებლოდ გამოყენების პერსპექტივები”-ის ფარგლებში, რომელიც იდააფ არქიტექტორების ორგანიზებით 2022 წლის ზაფხულში განხორციელდა. 

სამშენებლო აგური IA არის ალიზი ანუ გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური, რომელიც მზადდება მიწის და წყლის არევით და სიმტკიცისთვის დამატებული აქვს ქვიშა და ხორბლის ნამჯა. მისი ფერები ბუნებრივია და საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული მიწებითაა მიღებული. აგურების მოდულარული ფორმა საშუალებას იძლევა ადვილად აშენდეს გარე ორმაგი და შიდა სატიხრე ერთმაგი კედლები, სადაც მარტივია საფანჯრე და საკარე ღიობების მოწყობა. მიწის თავისებურებიდან გამომდინარე მოხდა აგურის ზომების ადაპტირებაც:  24x24x12 სმ და 48x24x12 სმ. 

აგური IA’ თანამედროვე არქიტექტურასა და მშენებლობაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და არამდგრადი სამშენებლო გარემოს გაუმჯობესების იდეით იქმნება. ის ერთგვარი მანიფესტია იმ სამშენებელო მასალების მიმართ, რომელთა არაეკოლოგიური წარმოების გამო მსოფლიო გლობალური დათბობისა და ამით გამოწვეული კატასტროფების წინაშე დადგა.

აღსანიშნავია, რომ სანამ აგური IA-ს სამშენებლო მასალად გარდაქმნის პროცესი საწყის ეტაპზეა და მიმდინარეობს კვლევების პროცესი, მისი ფორმები ავეჯის შექმნისთვის გამოვიყენეთ. ავეჯის კოლექცია ‘აგური’ (BRICK Collection) სკულპტურულ ნივთებს აერთიანებს და მოიცავს: ტუმბოებს, სანათებს, მერხს, სასანთლეს… მათი ზედაპირების გეომეტრია ერთგვარ თამაშს ქმნის ადამიანთან და ნივთების ფუნქციურ თავისუფლებას განსაზღვრავს. 

 

*კვლევა ამჟამად პროცესშია. დასრულებული ნამუშევარი მალე გამოქვეყნდება.

‘აგური’
‘აგური’
‘აგური’
‘აგური’
‘აგური’
‘აგური’
‘აგური’