ვორქშოფი: ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპქტივები
იდააფ არქიტექტორები წარმოადგენს ვორქშოფ "ალიზი"-ს შედეგებს, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია ალიზის ისტორია და დამზადების ტრადიციული მეთოდები; შექმნილიყო მისი ახალი დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობაში გაგრძელების ხაზი. ვორქშოფი ალიზი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. შესწავლილ იქნა ალიზის შენობები კახეთისა და ქართლის სოფლებში. გარდა ამისა, ვორქშოფის გუნდმა საქართველოს რეგიონებიდან მოიპოვა სხვადასხვა ფერის მიწები, რითიც დაამზადდა ალიზის აგურების ახალი მოდულები და კედლის დეკორატიული ფილები.
-
ალიზი და მისი დამზადების ტრადიციული მეთოდები
ალიზი ეს არის გამოუწვავი, მზეზე გამომშრალი აგური, რომელიც მზადდება მიწის და წყლის არევით და სიმტკიცისთვის დამატებული აქვს არაორგანული და ორგანული მინარევები, მაგ: ქვიშა, თივა, ნამჯა, ბზე და სხვა. ამ ელემენტების პროპორციულობა განისაზღვრება მიწის ტესტების შესაბამისად, რომელიც არსებობს ლაბორატორიული და ადგილზე მომზადებული, სადაც სხვადასხვანაირი მეთოდით მარტივად და სწრაფად ხდება მიწის ფორმულის განსაზღვრა, თუმცა ცხადია, ლაბორატორიულად დეტალურ სურათს არ იძლევა. ამ ტესტებით დგინდება მიწაში თიხის, ქვიშის და სხვა ელემენტების შემადგენლობა, რის შემდეგადაც ისაზღვრება შესარევი ელემენტების რაოდენობა. შესაბამისად, ალიზის ფორმულირება მთლიანად დამოკიდებულია იმ მიწაზე, რომლითაც ის მზადდება და მისი ცალსახა ფორმულა არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ალიზი მთლიანად ადგილწარმოშობის მასალაა; ის ყოველთვის დამოკიდებული იყო იმ მიწაზე, სადაც მზადდებოდა, შესაბამისად, არქიტექტურულ ფორმებში და ესთეტიკაში ამას დიდი გავლენა ჰქონდა.
ალიზის დამზადების პროცესში ყალიბი მიწით ისე ივსება, რომ შიგნით ჰაერი არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აგურს ბზარები უჩნდება. როგორც კი ფორმა ამოივსება და ზედაპირი მოსწორდება, ხდება ყალიბიდან ამოღება. მიღებული აგური შესაბამისი ტემპერატურის პირობებში შრება 3-4 კვირის განმავლობაში, რა დროის გასვლის შემდეგაც შესაძლებელია მისი გამოყენება. აღსანიშნავია, რომ დამზადებიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ალიზს სჭირდება გადაბრუნება, რომ ერთგვაროვნად გაშრეს.
ალიზის ფორმა და ზომები ეპოქისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყო. ცნობილია მართკუთხა, კვადრატული, ლეკალური (მოხრილი), პლანოკონვექსური (ძირბრტყელი, ამოზურგული) და სხვ. მოყვანილობის ალიზი. აგურის სასურველი ფორმა მიიღება ხელით ან ყალიბით. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სამშენებელო მასალა, რომელიც გამოირჩევა იაფი წარმოებით, კარგი ხმა და თბოიზოლაციითა და მაღალი ხანძარმედეგობით.
ფოტო: ლანდშაფტი. ქართლი.
ალიზის დადებითი მხარეები იმთავითვე გამოიკვეთა და დღემდე არ შეცვლილა, ესენია:
- მასალის სიიაფე - ნედლეული უფასოა ან ძალიან იაფი;
- არ საჭიროებს შორ გზაზე ტრანსპორტირებას, რადგან მიწა ძირითადად მიმდებარედ მოიპოვება.
- მოიხმარს მცირე მოცულობის მექანიკურ ენერგიას, როგორც წარმოების, ისე მშენებლობის დროს;
- ნაკლებად აალებადია;
- კარგი ხმა და თბოგაუმტარია;
- მდგრადია მიწისძვრისას;
- იოლია მისგან სხვადასხვა ფორმებისა და ზომის ნაგებობების აშენება;
- აქვს მაღალი, 8-12 საათიანი დეფაზირების უნარი;
- ძლებს ასწლეულობით;
- გამოიყენება ინტერიერშიც, ფერის მრავალფეროვნებისა და შესაძლო ორგანული ფორმების გამო.
- არატოქსიკურია;
- ნორმალურ კლიმატურ პირობებში ხდება ტენის აბსორბცია, რაც გრილ გარემოს ქმნის;
- მწერებისგან მთლიანად დაცულია.
თუმცა ალიზს აქვს უარყოფითი მხარეებიც, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია:
- მიწა, რისგანაც ალიზი მზადდება, აუცილებლად უნდა შეიცავდეს 5% - 50% თიხას;
- ვერ უძლებს ზეწოლას, ამიტომ გადახურვის კონსტრუქციები აუცილებლად მსუბუქი უნდა იყოს;
- ალიზის ნაგებობა სასურველია ერთი ან ორსართულიანი იყოს;
- მშენებლობის პროცესი ხშირად დამოკიდებულია ამინდზე;
- მასალა მძიმეა, შესაბამისად, საჭიროებს ძლიერ საძირკველს;
- დამატებით მინარევის, ლიგნოსულფატის გარეშე ალიზი წყალთან მედეგი არ არის. შესაბამისად, საჭიროა ის გამოყენებულ იქნას დუღაბში და შენობა გარედან გაილესოს ბათქაშით.
ფოტო 1: ტრადიციული ალიზისთვის მიწის, ქვიშის და თივის მინარევი.
ფოტო 2: ალიზის კედლის დეტალი.
ფოტო 3: ტრადიციული ალიზის დამზადების სამუშაოები. მცხეთა.
ალიზი მსოფლიოში
ფართოდ გავრცელებული, უძველესი სამშენებელო მასალაა, რომლის ისტორია ანტიკური პერიოდიდან იწყება. მზეზე გამომშრალ, გამოუწვავ აგურს ჯერ კიდევ შუამდინარეთისა და ძველი ეგვიპტის მოსახლეობა იყენებდა. მოგვიანებით კულტურა გავრცელდა რომის იმპერიასა და მუსულმანური სამყაროს ქვეყნებშიც. ალიზის აგურით აშენებდა ინდუსების ცივილიზაცია და ჩინეთი. შუა საუკუნეებში ალიზით მშენებლობის პრაქტიკამ ჩრდილოეთ ამერიკაშიც მოიკიდა ფეხი, სადაც მიწის არქიტექტურამ მრავალმხრივი განვითარება ჰპოვა და დღემდე აქტიურად გამოიყენება მშენებლობაში.
ალიზის დამზადებამ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილში სხვადასხვაგვარი გამოვლინება ჰპოვა, თუმცა არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ალიზი ძირითადად კოლექტიურად მზადდებოდა, სადაც ხალხი კონკრეტული რაოდენობის აგურებს კონკრეტული ნაგებობისთვის ამზადებდა. დღემდე შემორჩენილია არა მხოლოდ ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები ალიზით შენობებისა, არამედ სოფლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნაგებობების სახითაც. ალიზით არის ნაშენი მსოფლიოს ისეთი საკულტო შენობები როგორიცაა: ურ-ის ზიქურათი, ერაყი. (ძვ. წ 2030–1980) ქალაქი შიბამი, იემენი. (მე-16 საუკუნე) ქალაქ ხივა-ს კედელი, უზბეკეთი. (მე-10 საუკუნე) ქალაქი ჩან-ჩანი. პერუ; (850 წ.) ჯენის დიდი მეჩეთი, მალი; (13-14 საუკუნე) Bee-Hive დასახლება ჰარანში, კაბადოკია, თურქეთი და სხვა.
ალიზის აგურების ძირითადი პროპორციები ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:
საფრანგეთი - 40x30x5.5 სმ | 30x14x8 სმ | 35x27x5 სმ | 53x25x9 სმ;
გერმანია 38x25x12 სმ | 40x14x9 სმ | 25x12x6.5 სმ;
პერუ - 38x38x8 სმ | 28x28x8 სმ;
ეგვიპტე - 22x14x11 სმ | 38x18x14 სმ;
აშშ - 53x25x9 სმ;
ავსტრალია - 61x30x15 სმ | 46x30x10 სმ;
მექსიკა - 40x30x8 სმ | 40x20x8 სმ;
აღსანიშნავია, რომ მიწის აგურებით ყოველთვის შენდებოდა ნაგებობები, თუმცა ალიზი ამ დრომდე უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება. მხოლოდ ბოლო წლებია, რაც ამ მასალით დაინტერესება ისევ გაიზარდა და არქიტექტორებმა მისი თამანედროვე მშენებლობებში გამოყენება დაიწყეს.
ფოტო: ურ-ის ზიქურათი, ერაყი. (ძვ. წ 2030–1980)
ალიზი საქართველოში
საქართველოში ალიზის ნაგებობები ძვ. წ. VI-IV ათასწლეულიდანაა ცნობილი და პირველი შენობებიც, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, სწორედ ალიზით არის აგებული. არქეოლოგიური გათხრებისას საინტერესო მასალაა მოძიებული სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნამოსახლარებია: არუხლოს გორა, შულავერის გორა და ხრამის დიდი-გორა. აღნიშნული კომპლექსები შედგება ალიზით ნაგები წრიული გეგმარების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობისაგან, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული. ანტიკურ ხანაში ალიზი იყო ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალა საქართველოში, რომლითაც აიგო არმაზციხე, სარკინე, ვანი და სხვა. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში კი ზოგიერთ ქალაქს, მაგალითად მცხეთას და ურბნისს ალიზის გალავანი ერტყა.
აღსანიშნავია, რომ ალიზის არქიტექტურა ძირითადად გავრცელებული იყო საქართველოს მშრალ და ცხელ რეგიონებში, როგორიცაა ქართლი და კახეთი, მაგრამ მხოლოდ დაბალი ფენის საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებზე. კაპიტალურ მშენებლობაში მას ადრე შუა საუკუნეებში უკვე აღარ მიმართავდნენ.
საქართველოში კარგადაა შემორჩენილი საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები ქართლისა და კახეთის სოფლებში. ამ სახლების მშენებლობა მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო და მეორე მსოფოლიო ომის დასრულების შემდეგ შეწყდა, რადგან ეს ადგილწარმოებული სამშენებლო მასალა ინდუსტრიალიზაციამ და ქარხნებში დამზადებულმა გამომწვარმა აგურებმა მთლიანად ჩაანაცვლა. რაც ვორკშოფ ‘ალიზის’ ფარგლებში შედგა ვიზიტები ორივე რეგიონში და შესწავლილ იქნა ალიზის ნაგებობები, საიდანაც მათი ისტორიის და არქიტექტურული თავისებურებების დადგენა მოხერხდა.
ფოტო: ლანდშაფტი. ქართლი.
კახეთი
კახეთის სოფელ ქვემო მაღაროში, ალიზით ნაგებ სახლებს და სამეურნეო შენონებს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავთ. ძირითადად ეს არის ორ სართულიანი სახლები, ორ ან ოთხ ქანობიანი კონვერტისებრი სახურავებითა და ფერადი ფასადებით, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ჩამოსახლებული ე.წ „მალაკნების“ მიერ შენდებოდა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. ამ სახლების საძირკველი დუღაბით გამკვრივებული ქვისაა, ხოლო მიწის და მეორე სართული ალიზისაა. აგურის ზომებია: 28x14x11 სმ და თივის ძლიერი ტექსტურით ხასიათდება, რაც ადგილობრვი ცხელი ჰავისგან დაცვის მექანიზმზე უნდა მიუთითებდეს, რადგან აგურში ნამჯის დიდი რაოდენობა, იზოლაციის უკეთეს შედეგს იძლევა. გარე კედლები გალესილია მიწის კირნარევი ბათქაშით, რაც აგურს ბუნებრივი პირობებისგან იცავს.
ფოტო 1: ყოფილი მეფრინველეობის ფაბრიკა. სოფელი ქვემო მაღარო.
ფოტო 2: ალიზის სახლები აშენებული მალაკნების მიერ. ქვემო მაღარო.
კახეთში შესწავლილი შენობების უმეტესობა ავარიულ მდგომარეობაშია, რადგან უმეტესობა მიტოვებულია ან მოუვლელი. თუმცა ის ნაწილი, რომლებიც გარედან შელესილია, საკმაოდ შენახული და საცხოვრებლად მდგრადია, რადგან ბათქაში ალიზის ბუნებრივ პირობებთან მედეგობას უზრუნველყოფს და მას კარგ მდგომარეობაში დიდი ხნით ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ ამ სახლებს დამხმარე და სამეურნეო სათავსებიც ალიზის აქვს.
ფოტო: ალიზის სახლები აშენებული მალაკნების მიერ. ქვემო მაღარო.
სოფელ ქვემო მაღაროს მაცხოვრებელი, 74 წლის მარია კუდინოვა, რომელიც მალაკნების შთამომავალია და კარგად ახსოვს თავისი წინაპრების მიერ ამ სახლების მშენებელობის პროცესი, ალიზის დამზადებას ასე აღწერს:
„მიწა მოჰქონდათ გორის გადაღმა ადგილიდან, დიდ წრეს აკეთებდნენ და იქ ურევდნენ მიწაში ქვიშას, თივასა და წყალს. დაატარებდნენ ცხენებს, რომლებიც კარგად ზელდნენ ამ მასას. მათი ფუნაც ერეოდა, რაც უკეთესია ალიზის დასამზადებლაად, სიმკვრივეს აძლევდა. მერე ყალიბებში ან ხელით აგურებს ფორმას აძლევდნენ და ტოვებდნენ მზეზე გასაშრობად. კარგად რომ გამოშრებოდა, რასაც ალბათ ერთი თვე სჭირდებოდა, სახლის მშენებლობაც იწყებოდა და ორ-სამ კვირაში მთავრდებოდა. ასე აკეთებდნენ სათითაოდ ყველა სახლისთვის, ნათესავები ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რომ იქამდე დასრულებულიყო მშენებლობები, სანამ წვიმების სეზონი დაიწყებოდა. ყველა ფიზიკურად იყო ჩართული, რადგან ალიზის სახლის შენება კოლექტიური პროცესია და ადამიანის დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს.“
გარდა მალაკნების სახლებისა, ქვემო მაღაროში რამდენიმე მოზრდილი სამეურნეო ნაგებობაც ალიზითაა ნაშენი. ერთ-ერთია ჩვენი ინფორმაციით ფრინველების ყოფილი ფერმა, რომელიც ამჟამად მიტოვებულია და ძირითადად, საწყობად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად შენობა ცუდ მდგომარეობაშია, წვიმისგან დაცული ნაწილები მაინც მდგრადია. გადარეცხილი ბათქაშის მონაკვეთებიდან კარგად იკითხება ალიზის ორმაგი განლაგების სტრუქტურა და კედლის სისქე. შესამჩნევი იყო ძლიერი სიცხის დროს გარემოსა და შენობების შიდა სივრცეების ტემპერატურის მნიშვნელოვანი სხვაობა. ადგილზე ვიზისტისას დაახლ. 32-35 გრადუსი იყო გარე ტემპერატურა, მალაკნების სახლების მიწის სართულს კი ხელოვნური გაგრილება ასეთ ცხელ დღეშიც კი არ სჭირდება და ინარჩუნებს ბუნებრივ სიგრილეს.
ფოტო: ალიზის კედლის დეტალი.
ქართლი
ქართლში, განსაკუთრებით კი, ქალაქ გორის მიმდებარე სოფლებში მრავლად მოიძიება ალიზით ნაშენი სახლები. ვორქშოფის ფარგლებში შედგა ვიზიტები სოფლებში: გარეჯვარი, ხიდისთავი და რუისი, სადაც შესწავლილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ 1900-1945 წლებში აშენებული ალიზის ნაგებობები.
კახეთისგან განსხვავებით ქართლის აგურებში ტექსტურა და ზომებში ცვლილებაა. ხიდისთავიდან აღებული აგურის ზომაა: 26x12x7 სმ და აქვს დიდი რაოდენობის ქვიშა, შესაბამისად მისი ტექსტურა უფრო სუფთაა და ნამჯა ძნელად იკითხება. გარეჯვარის აგურების ზომაა: 33x16x7 სმ ან 35x16x8 სმ და ქვიშისა და თივის შუალედური პროპორციებით ხასიათდება.
საინტერესოა ქართლში შენების ტიპიც: თუ ხიდისთავისა და გარეჯვარის ნაგებობები ძირითადად ერთსართულიანია და მხოლოდ ცოკოლში ან საძირკველში იკითხება რიყის ქვა, სოფელ რუისში სხვა მასალასთან კომბინირებული შენობებიც გვხვდება. მაგალითად, ხშირია მიწის სართულები ქვით ან გამომწვარი აგურით, ხოლო ალიზი გამოყენებულია მეორე სართულზე. ეს ტიპი, სავარაუდოდ, შენობის კონტრუქციული სიმყარიდან გამომდინარე გავრცელდა, რადგან ასეთი შენობები ორი სართულის აშენების საშუალებას იძლევა და მიწის სართულის გარემო პირობებისგან დაცვა გაცილებით ადვილია. როგორც კახეთში, ალიზის შენობები ქართლშიც ორ და ოთხ ქანობიანი სახურავით ხასიათდება. ქართლშიც და კახეთშიც ალიზის სახლების დიდი რაოდენობა იდეალურ მდგომარეობაშია და დღემდე გამოიყენება საცხოვრებლად. ცხოვრებისთვის შეუსაბამო შენობებმა კი შინაური ცხოველების სადგომის ან სამეურნეო სათავსების ფუნქცია შეითავსა.
ფოტო 1: საცხოვრებელი სახლი. სოფელი რუისი.
ფოტო 2: სამეურნეო ნაგებობა. სოფელი გარეჯვარი.
სოფელ გარეჯვარის მკვიდრი გიორგი ღოლიჯაშვილი გვიყვება თავისი პაპებისა და მათი ძმების მიერ ალიზის დამზადების პროცესის შესახებ:
„თავისი სახლები რომ აიშენეს, იმის მერეც ჩემი პაპები და მისი ძმები ალიზის აგურებს ამზადებდნენ 1930-იან წლებში. მიწას სოფელთან ახლოს თხრიდნენ და აზელვაც მდინარის პირას, ქვიშიან ადგილზე ხდებოდა. იქვე აყალიბებდნენ და აშრობდნენ. შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობში ყიდდნენ ან ცვლიდნენ. მაშინ მზა სამშენებლო მასალა არ იშოვებოდა, თუმცა საჭიროება იყო და ეს ერთგვარი შემოსავლის წყარო იყო მათთვის.“
ფოტო: საცხოვრებელი სახლი. სოფელი გარეჯვარი.
საქართველოში ალიზით შენების ტრადიცია მთლიანად დავიწყებულია და ჩანაცვლებულია ქარხანაში დამზადებული გამომწვარი აგურით ან ბეტონის ბლოკებით. ალიზი აღარ ითვლება რელევანტურ სამშენებლო მასალად, მისი დამზადების მეთოდებისა და ადამიანის ფიზიკური ძალის გამოყენების სირთულიდან გამომდინარე, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს უძველესი მასალა ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა მასალაა და თავისი არსით მთლიანად პასუხობს მსოფლიოს სამშენებლო სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.
ფოტო 1;2: ალიზის კედლის დეტალი.
ფოტო 3: სახლის კედელი. პირველი სართული ნაშენია ქვით, ხოლო მეორე - ალიზით. ქართლი.
ვორქშოფი ,ალიზი’
ვორქშოფი: „ალიზი - კვლევა, ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპქტივები“ 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში იდააფ არქიტექტორების ორგანიზებით ჩატარდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. პროექტის მიზანი იყო გამოეკვლია ტრადიციული ალიზის დამზადების მეთოდები საქართველოსა და მსოფლიოდან, შეექმნა მისი განახლებული დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობასა და დეკორატიულ დიზაინში გაგრძელების ხაზი.
თეორიული და კვლევის ნაწილმა მოიცვა წერილობითი წყაროების მოპოვება ინტერნეტი და ეროვნული ბილიოთეკიდან, საიდანაც დაზუსტდა ინფორმაცია საქართველოსა და მსოფლიოში ალიზის შენობებისა და მათი გავრცელების არეალების შესახებ. მწირი ინფორმაცია აღმოჩნდა საქართველოში ამ სამშენებლო მასალის შესახებ, შესაბამისად, არსებული ნაგებობების შესახებ ინფორმაციას მთლიანად ხალხის გადმოცემების მიხედვით მივაკვლიეთ. გამოიკვეთა ორი ლოკაცია, ქართლი და კახეთი და შედგა გასვლითი ვიზიტები, რათა შესწავლილიყო ალიზის არქიტექტურა. კვლევის ნაწილში ასევე ჩატარდა ლექციები დარგის სპეციალისტებთან, რომელიც შეეხებოდა მიწის არქიტექტურას (გივი ჯაყელი) და კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს და ასევე ეკოლოგიურ მშენებლობას. (სალომე ბერეჩიკიძე)
ფოტო 1: გასვლითი ვიზიტი. სოფელი ქვემო მაღარო. ფონზე ჩანს მალაკნების მიერ ალიზით ნაშენი სახლი.
ფოტო 2: ტრადიციული ალიზი.
პრაქტიკული სამუშაოები მიმდინარეობდა მცხეთაში, წინასწარ მოწყობილ გარემოში და ტრადიციული ალიზის აგურის დამზადებით დაიწყო. გივი ჯაყელის ხელმძღვანელობით ასევე გაკეთდა ტკეპნილი მიწის კედელი და მიწა-წყალი-ქვიშის თხელ ნარევში ამოვლებული თივის კედელი სხვადასხვა ტიპის საიზოლაციო და სამშენებლო ფილები ალიზისგან. ამ ცოდნისა და გამოცდილების გადააზრებით ჩატარდა ვორქშოფის მეორე ნაწილი, სადაც მონაწილეების მიერ შეიქმნა ახალი აგურის ფორმები და კონცეფცია. ესენია: ჰაე - მარიამ პაპავა; დომინო - ჯოყოლა ქისტაური; ჯ - ელენე ფიჩხაძე, ეს - მეა მიმინოშვილი და იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავებული აგური ია. თითოეული დიზაინის მიხედვით დამზადდა ინდივიდუალური ყალიბი, როგორც სამშენებლო აგურის, ისე კედლის დეკორატიული ფილისთვის.
ფოტო: ტრადიციული ალიზის დამზადების სამუშაოები. მცხეთა.
ამ პროცესების პარალელურად გამოიკვეთა საჭიროება ალიზის არა მხოლოდ ფორმის, არამედ ფერის ცვლილებებისა და თანამედროვე ესთეტიკასთან ადაპტირების, ამიტომ ვორქშოფის გუნდის მიერ შედგა გასვლითი ვიზიტები საქართველოს რეგიონებში, საიდანაც მოპოვებულ იქნა ათამდე ტიპის სხვადასხვა ფერის მიწა. თითოეული აგური ყველა ფერის მიწით დამზადდა, რათა შერჩეულიყო, რომელი მიწა რომელ ფორმასთან მუშაობს ყველაზე კარგად, როგორც ვიზუალურად, ისე გამძლეობის მხრივაც. გაშრობის შემდეგ გამოიკვეთა მიწების განსხვავებული ფერები, რომლებმაც წარმატებით იმუშავა ახალ ფორმებზე. ამის შემდეგ უკვე თავიდან დამზადდა სრულყოფილი აგურები, რომელიც წარმოდგენილია გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ქართული ფერადი მიწების მრავალფეროვნების აღმოჩენამ და აგურების წარმატებულმა ნიმუშებმა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვოკრშოფის შედეგები, რადგან ვფიქრობთ, სწორედ ეს იქნება მშენებლობაში ალიზის გამოყენების ერთ-ერთი სტიმული.
ფოტო 1: ფერადი მიწები საქართველოდან.
ფოტო 2;3: ალიზის დამზადების სამუშაოები. მცხეთა.
ვორქშოფი ალიზი პირველი მცდელობაა ამ მასალის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და თანამედროვე მშენებლობაში მისი დაბრუნების პირობების განსაზღვრის. სამთვიანი მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ეს შესაძლებელია, როგორც ტრადიციული, ისე ახალი აგურის სახით. ალიზის გამოყენება შესაძლებელია სამშენებლოდ და ინტერიერში და ისეთ დეკორატიულ ნივთებშიც კი, როგორიც არის ავეჯი.
ფოტო 1: ლურჯი და მწვანე მიწები იმერეთიდან.
ფოტო 2: ფერადი მიწები საქართველოდან.
ვორქშოფის განმავლობაში დამზადდა ალიზის აგურის ახალი მოდულები
აგური და დეკორატიული ფილა 'ჰაე'
მარიამ პაპავა
ფოტო: 'ჰაე' აგური.
,ჰაე’ აგური იაპონური მეტაბოლიზმისა და დამწერლობის გავლენითაა შთაგონებული. მთავარი ინსპირაცია იაპონური მეტაბოლიზმისთვის დამახასიათებელი შედარებით დიდი მასშტაბის მოქნილი კონსტრუქციები იყო, რომლებიც ორგანული ზრდის საშუალებას იძლეოდა. მსგავსი თვისებებით შეიქმნა ჰაე აგურებიც, რომლის ფორმა იაპონური დამწერლობიდან წარმოიშვა - მრგვლოვანი (ჰირიგანა) სიმბოლოების უმრავლესობა შეიცავს ლათინური H-ის ფორმას. მათი სხვადასხვა წყობით არაერთი თარგის მიღებაა შესაძლებელი, როგორც სამშენებლო აგურის, ისე დეკორატიული კედლის ფილისთვის.
ფოტო 1: 'ჰაე' აგურის დამზადების პროცესი.
ფოტო 2: ‘ჰაე’ აგურების აწყობის ერთ-ერთი პრინციპი.
აგური და დეკორატიული ფილა 'დომინო'
ჯოყოლა ქისტაური
ფოტო: 'დომინო' აგური.
,დომინო’აგურის მთავარი მოტივი იყო, რომ შექმნილიყო ისეთი ფორმა, რომელსაც სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელების შესაძლებლობა ექნებოდა. აგურის წყობა არ კარგავს მთავარ ღერძთან კავშირს და ამავდროულად, ინარჩუნებს ირიბ ფორმას. აქედან გამომდინარე კედლებს აქვთ რელიეფური ზედაპირი, სადაც ჩრდილები სხვადასხვა სინათლეზე საინტერესო ეფექტს ქმნის.
ფოტო 1: 'დომინო' აგური.
ფოტო 2: ‘დომინო’ აგურების აწყობის ერთ-ერთი პრინციპი.
აგური და დეკორატიული ფილა 'ჯ'
ელენე ფიჩხაძე
ფოტო: 'ჯ' აგური.
ჯ (ჯვარედინი) აგური შთაგონებულია ჯვრის სტრუქტურით და მისი სიმბოლური მნიშვნელობით ქართულ კულტურაში. ჯვრის ფორმა ხშირად მეორდება რელიგიური ხასიათის ნამუშევრებში და ასევე ფართოდ გამოიყენება თანამედროვე არქიტექტურაში. გარდა ამისა აქვს კონტექსტი და შეიძლება ინტეგრირებულ იქნას დღევანდელ ცხოვრებაში, რაც გვთავაზობს მშენებლობის ახალ მიმართულებას.
აგურის ფორმაზე მუშაობისას თბილისის ურბანული დიზაინისა და ქალაქგეგმარების კვლევები იქნა გამოყენებული. საინტერესოა აღმოჩნდა როგორაა გამოყენებული ჯვრის ტრადიციული ფორმა, ქალაქის ურბანული ბადის შესაქმნელად. გზაჯვარედინები დიზაინის კიდევ ერთი შთაგონების წყარო გახდა - უწყვეტობის და მიჯაჭვულობის იდეის ინტეგრირება აგურში.
ჯ (ჯვარედინი) აგურის გამოყენება შესაძლებელია როგორც, სამშენებლოდ, ისე კედლის დეკორატიულ ფილად. ფორმა საშუალებას იძლევა აგების სხვადასხვა პრინციპებისა, რაც პროცესში მოქნილობისა და დიზაინის თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის.
ფოტო: 'ჯ' აგური.
აგური და დეკორატიული ფილა 'ეს'
მეა მიმინოშვილი
ფოტო: 'ეს' აგური.
„ეს“ აგური განვითარდა მარტივი ფორმების, ერთი ზომის კუბების ერთმანეთთან შერწყმით. აგურების ფორმების სიმარტივე უფრო თვალსაჩინოს ხდიდა ზოგადად აგურებით აგებული სტრუქტურის სამ მდგომარეობას - განმეორებადობას, განგრძობადობას და სიმრავლეს.
ორი განსხვავებული ფორმის აგური საშუალებას იძლევა შეიქმნას განლაგების არაერთი კომბინაცია, რომელთა ფიქსირებაც დუღაბით თუ დუღაბის გარეშე არის შესაძლებელი და, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფერით.
ფორმები გათვლილია, როგორც კონსტრუქციული კედლის აგებაზე, ასევე ტიხრად ან დეკორატიულ ფილად გამოყენებაზე.
ფოტო 1: 'ეს' აგური.
ფოტო 2: ‘ეს’ აგურების აწყობის ერთ-ერთი პრინციპი.
'ია' - აგური და დეკორატიული ფილა
იდააფ არქიტექტორები
ფოტო: 'ია' აგური.
მასალა: ალიზი თივით
ზომები: 24x24x12 სმ | 48x24x12 სმ
აგური ია იდააფ არქიტექტორების სახელოსნოს მიერ ახალი სამშენებლო მასალის შექმნის პირველი მცდელობაა, რომელზეც მუშაობა 2018 წლიდან მიმდინარეობს. მისი ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და წინასწარ დაგეგმილი შენობების მარტივად აშენების საშუალებას იძლევა. ია აგურის კედელში ადვილია ღიობებისა და კუთხეების მოწყობა, ხოლო გარე პერიმეტრს მარტივად ებმება ინტერიერის ტიხრები.
აგური ია დამზადებულია მიწის, წყლის, ქვიშისა და ხორბლის თივის ერთმანეთში არევით. მისი ფერი ბუნებრივია და საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული სხვადასხვა ფერის მიწებითაა მიღებული.
ია შეიქმნა თანამედროვე არქიტექტურასა და მშენებლობაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ. ის ერთგვარი მანიფესტია იმ სამშენებელო მასალების მიმართ, რომელთა არაეკოლოგიური წარმოების გამოც მსოფლიო გლობალური დათბობისა და ამით გამოწვეული კატასტროფების წინაშე დადგა;
ფოტო 1: 'ია' აგური.
ფოტო 2: ‘ია’ აგურების აწყობის ერთ-ერთი პრინციპი.
ფოტო: 'ია' აგურის პავილიონი.
მასალა: ალიზი ქაღალდით
ზომები: 24x24x2 სმ | 48x24x2 სმ
ვორქშოფის განმავლობაში დამუშავდა ალიზის დეკორატიული ფილის მოდულებიც. აგურისგან გასხვავებით, კედლის ფილა ია დამზადებულია მიწის, წყლის, ქვიშისა და ქაღალდის სველი, დარბილებული მასის ერთმანეთში არევით, რამაც ზედაპირების ტექსტურის ერთგვაროვნება განსაზღვრა. მისი ფერები ბუნებრივია და საქართველოს რეგიონებიდან მოპოვებული სხვადასხვა ფერის მიწებით მიიღება.
სამშენებლო აგურისგან გასხვავებით, ია კედლის ფილას სჭირდება ბადე არმირება, რათა გამძლეობა შეინარჩუნოს ინსტალაციისა და ტრანსპორტირების დროს. ფილა დამუშავებულია მაღალი ხარისხის დამცავი ლაქით, რაც მის წყალთან მედეგობას უზრუნველყოფს. ია გამიზნულია სხვადასხვა ტიპის ინტერიერებისთვის, როგორც დეკორატიული, ისე ფუნქციური გამოყენებისთვის.
ფოტო 1: 'ია' ფილების გაშრობის პროცესი. მცხეთა
ფოტო 2: 'ია' ფილები.
გარემოსდაცვითი ანალიზი
სალომე ბერეჩიკიძე
სამშენებლო მასალის ეკომეგობრულობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კლიმატის ცვლილების პროცესების მართვასა და თანამედროვე საცხოვრებელი სივრცეების კომფორტის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. მასალის ეკომეგობრულობა განისაზღვრება დამზადების პროცესის ეკოლოგიურობითა და ენერგოეფექტული თერმული მახასიათებლებით.
ალიზი, მზეზე გამომშრალი მიწის აგური, უძველესი დროიდან გამოიყენება სამშენებლო, მოსაპირკეთებელ მასალად. ალიზის გაჩენა უკავშირდება ადგილობრივად მარტივ მოპოვება–დამზადებას, გამარტივებულ სამშენებლო პროცესს და დამაკმაყოფილებელ თერმულ მახასიათებლებს. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად ჩნდება ახალი სამშენებლო მასალები და მშენებლობის ტექნიკები, რის გამოც ალიზის გამოყენება უკანა ფონზე ინაცვლებს და ბევრ კონტინენტზე მთლიანად ქრება. ამის მიზეზი ხდება ახალი მასალების ხანმედეგობა და ამინდმედეგობა, უკეთესი თერმული მონაცემები და დახვეწილი ფასადის დიზინის შექმნის შესაძლებლობა. ინდუსტრიული რევოლუციას სამშენებლო სცენაზე შემოჰყავს მასობრივი წარმოება, იაფი და სწრაფად დამზადებადი მასალა, რომლის დაბალი თერმული მახასიათებლების კომპენსირება ხდება საინჟინრო სისტემებით. ეს უკანასკნელი გარდატეხა გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას და 1970–ანი წლების ენერგიის კრიზისს. ენერგიის კრიზისი ალიზსა და მიწის არქიტექტურას თავიდან აბრუნებს გამოყენებაში, თუმცა მხოლოდ ცხელ მშრალ და ცხელ ტენიან კლიმატურ რეგიონებში. ზომიერ და ცივ კლიმატში მისი ათვისება ნაკლებ ეფექტიანია, რადგან ვეღარ აკმაყოფილებს გამკაცრებულ თერმო რეგულაციებს. ბოლო ათწლეულში მკვეთრად იზრდება ენერგიის კონსერვაციისა და სამშენებლო მასალების ეკომეგობრულობის მოთხოვნები. სხვა ბიო მასალებთან ერთად, ხელთავიდან შეისწავლება ალიზიც, მაგრამ უკვე ახალი მინარევებისა და ლაბორატორიული კვლევების ფონზე. არ არის წარმოდგენილი კონკრეტული გადაწყვეტა(ები), რაც ალიზს დააბრუნებს ფართო გამოყენებაში.
თანამედროვე სამშენებლო მასალა უნდა პასუხობდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ადგილობრივად მოპოვება–დამზადება
- ეკოლოგიური და ეკომეგობრული დამზადების პროცესი
- ბიო მინარევები
- სიიაფე და მასობრივი წარმოების შესაძლებლობა
- სწრაფი დამზადების პროცესი
- სიმსუბუქე
- მაღალი სიმტკიცე და დრეკადობა
- სეისმომედეგობა და ამინდმედეგობა
- ხანმედეგობა
- მაღალი თერმული მახასიათებლები
- მაღალი თერმო იზოლაციის უნარი
- დახვეწილი დიზაინის შექმნის შესაძლებლობა
- ფორმების, ფერებისა და დამუშავების ტექნიკის თავისუფლება
„ალიზის“ 3 თვიანი პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში შესწავლილი იქნა მასალის პირველი 2 და ბოლო 4 კრიტერიუმი: ადგილობრივად მოპოვება დამზადების შესაძლებლობა, ეკოლოგიურობა, დახვეწილი დიზაინის მიღების შესაძლებლობა და თერმული მახასიათებლები. ტრადიციულად დამზადებული ალიზის აგურის ენერგოეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა 3 ძირითადი თერმული მახასიათებლის გამოთვლები: თბოგამტარობა (ვტ/მ K), კუთრი თბოტევადობა (ჯ/კგ K) და თბოგაცემა (ვტ/მ2 K). თბოგაცემის გამოთვლა შესრულდა როგორც პრაქტიკული სამუშაოების დროს დამზადებული 24 სმ სისქის ბლოკზე, ასევე 60 სმ სისქის კედლისთვისაც (არსებული ალიზის სახლების კვლევის დროს გამოიკვეთა კედლის მაქსიმალური სისქე: 50-60 სმ). შედარების მიზნით თითოეული გამოთვლა შესრულდა იგივე სისქის აგურისა და ბეტონის კამერიან ბლოკზე და არმირებულ ბეტონზე.
გამოთვლის შედეგები
Thermal თბოგამტარობა (ვტ/მ K) ახასიათებს მასალის მიერ სითბოს გატარების სიჩქარეს (რაც უფრო დაბალია მაჩვენებლი, მით უფრო კარგი თერმო იზოლატორია მასალა). პრაქტიკული სამუშაოების დროს დამზადებული ალიზის აგურები საშუალოდ შედგება 45 % მიწის, 53 % ქვიშისა და 2 % გამომშრალი ნამჯისგან. გამომწვარი აგურის, კამერიანი ბეტონის ბლოკისა და არმირებული ბეტონის თერმული მახასიათებლები აღებულია CIBSE Guide A -დან ადგილობრივად წარმოებული მასალების მარკის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ დატესტილი ალიზის თბოგამტარობა უკეთესია ვიდრე დანარჩნი სამშენებლო მასალების მაჩვნებლები, მისი მეტად გაუმჯობესება არის შესაძლებელი ნამჯის შემცველობის გაზრდით (საშუალოდ 6 % ნამჯის შემცველობით 0.4 ვტ/მ K–მდე).
კუთრი თბოტევადობა (ჯ/კგ K) ახასიათებს სითბოს რაოდენობას რაც საჭიროა კონკრეტული მასალის ტემპერატურის 1 გრადუსით გასათბობად. იგი განსაზღვრავს გარეთ არსებული მკვეთრი ტემპერატურული მონაცვლეობის დროს შენობის შიგნით შექმნილი თერმული მდგომარეობის სტაბილურობას. აქაც, დატესტილი ალიზის კუთრი თბოტევადობა უკეთესია, ვიდრე დანარჩენი სამშენებლო მასალების მაჩვენებლები, თუმცა მისი მეტად გაუმჯობესება არის შესაძლებელი ნამჯის შემცველობის გაზრდით (საშუალოდ 6 % ნამჯის შემცველობით 550 ჯ/კგ K –მდე).
Thermal თბოგაცემის კოეფიციენტი (ვტ/მ2 K) აღწერს სითბოს შეკავების უნარს. იგი განსაზღვრავს რამდენად ეფექტური თერმო იზოლატორია შენობის კონკრეტული ელემენტი. გამოთვლები ჩატარდა 24 სმ და 60 სმ სისქის ალიზის (პრაქტიკული სამუშაოების შედეგად დამზადებული აგურის ზომებია: 24X24X12 სმ; ადგილობრივი ალიზის შენობების მონახულების დროს აღმოჩენილი კედლების სისქე (ორშრიანი) მერყეობს 50-60 სმ–ს შორის), გამომწვარი აგურის, კამერიანი ბეტონისა და არმირებული ბეტონის კედლისთვის. დატესტილი ალიზის აგურის კედელს აქვს სხვა მასალებთან შედარებით საგრძნობლად დაბალი თბოგაცემა, თუმცა, იგი 2.5–ჯერ აღემატება ტრადიციულად ნაშენი ალიზის კედლის თბოგაცემის მაჩვენებელს. 60 სმ–ანი ალიზის კედლის u-value = 1.0 ვტ/მ2 K, რაც დაბალი თბოგაცემის მქონე მასალების ზედა ზღვარზეა და შეიძლება აკმაყოფილებდეს მხოლოდ თერმული კომფორტის მინიმალურ სტანდარტებს. რადგან სამშენებლო მასალის სიმსუბუქე მისი ეფექტიანობის მნიშვნელოვანი ასპექტია, ალიზის თერმული მონაცემების გაუმჯობესების მინიმალურ მიზანს უნდა წარმოადგენდეს 24 სმ–ანი თანამედროვე ალიზის კედლის თბოგაცემის გატოლება ტრადიციული 60 სმ–ანი ალიზის კედლის თბოგაცემასთან.
თბოგაცემის კოეფიციენტი ასევე არის გამოთვლილი დათბუნებული კედლის ელემენტებისთვის. გამოთვლები შესრულებულია 24 სმ სისქის ბლოკისთვის, რომელიც შეფუთულია 5 სმ და 10 სმ სისქის დათბუნების შრით (ქვაბამბა). გამკაცრებული ენერგოეფექტურობის მოთხოვნები აჩენს ძლიერი თბო–იზოლატორის, დათბუნების, გამოყენების აუცილებლობას (საქართველოს კანონმდებლობების "შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ" და "შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" მიხედვით, შენობის გარე, მყარი, შუქგაუმტარი ელემენტების თბოგაცემის კოეფიციენტების მაქსიმალური მაჩვენებელი შეიძლება მერყეობდეს 0.2–0.8 ვტ/მ2 K შუალედში). გამოთვლები აჩვენებს, რომ თბოსაიზოლაციო შრის დამატების შემდეგ იკარგება სამშენებლო მასალის თერმული მახასიათებლების მნიშვნელობა. მიუხედავად მცირე სხვაობისა, ალიზის ეფექტანობა მაინც იკითხება. ალიზის მასალის კვლევის შემდეგი ეტაპები მიმართული შეიძლება იყოს არამხოლოდ მინარევის თერმული მახასიათებლების გაუმჯობესებისკენ, არამედ თვითონ აგურის თბოსაიზოლაციო მასალასთან ინტეგრაციასა და კლიმატურ დარეგიონებაზე მუშაობისკენ.
შეჯამება
ანალიზმა ცხადად წარმოაჩინა ალიზის აგურის სამშენებლო მასალად გამოყენების 3 ძირითადი ასპექტი: 1. თერმული უპირატესობები ადგილობრივად გავრცელებულ სამშენებლო მასალებთან მიმართებაში, რომლებიც ერთის მხრივ ამცირებენ შენობის კონდიცირების დატვირთვებს, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფენ უფრო მეტად სტაბილურ თერმულ გარემოს; 2. წარსულში ტემპერატურის რეგულაციისთვის გამოყენებული სქელი კედლები და თერმული გარემოს კონდიცირების ტრადიციული მეთოდები ვერ ან რთულად ადაპტირდება თანამედროვე კომფორტისა და ენერგოეფექტურობის მოთხოვნებთან მიმართებაში; 3. ალიზის ტრადიციული ფორმულა საჭიროებს განახლებას და ლაბორატორიულ კვლევებს, რადგან იგი დამოუკიდებლად ვერ პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და დათბუნების გამოყენების შემთხვევაში იძლევა უმნიშვნელო უპირატესობებს.
ვორქშოფის შედეგები და ალიზის თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპექტივები
ვორქშოფის შედეგების მიხედვით, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ალიზი არის უპირობო ალტერნატივა და შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ სამშენებლო მასალებს, რომლებიც დღეს ყველაზე აქტიურად გამოიყენება მშენებლობებში, თუმცა სწორედ მათი მასიურად არაეკოლოგიური წარმოების გამო დადგა მსოფლიო გლობალური დათბობისა და კატასტროფების წინაშე;
- ქართულ ალიზის აგურს შეუძლია იმუშაოს, როგორც თავისი ტრადიციული ფორმით და დამზადების მეთოდით, ასევე აქვს შესაძლებლობა მოირგოს ახალი ფორმები და ფერი, რომელიც სხვადასხვა რეგიონიდან მოპოვებული მიწით მიიღება.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალიზის წყალთან მედეგობისა და ბუნებრივ პირობებთან გამძლეობის მიღწევა, რათა ფასადზე არ დაიკარგოს ახალი აგურის ფორმის აღქმის შესაძლებლობა. ამისთვის საჭიროა უწყვეტი პროცესები დამატებითი კვლევებისა, რომელიც ალიზის მასალას სრულყოფილად შეისწავლის, შექმნის კონკრეტული დამზადების მეთოდებსა და მისი გამოყენების პირობებს.
- იმისთვის, რომ ალიზის აგურმა არსებული სამშენებლო ნორმები დააკმაყოფილოს და შეიქმნას მისი სრულყოფილი მოდულები წარმოებისთვის, მომდევნო 2-4 წლის პერიოდში საჭიროა დამატებით ვორკშოფების ჩატარება, რაც პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად მოიცავს თეორიულ და ლაბორატორიულ კვლევებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
18-22 ნოემბერს, "ფაბრიკა"-ში იდააფ არქიტექტორებმა წარმოადგინა ვორქშოფის შედეგების გამოფენა: "ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას". გამოფენის ბმული