ალიზი - მანიფესტი თანამედროვე მშენებლობას
18 – 24 ნოემბერი, 2022
ფაბრიკას საგამოფენო სივრცე
ე.ნინოშვილის ქ. 8, 0102
თბილისი, საქართველო
18-24 ნოემბერს, ფაბრიკა-ს საგამოფენო სივრცეში იდააფ არქიტექტორებმა წარმოადგინა ვორქშოფ ალიზი-ს შედეგები, რომლის მიზანი იყო გამოეკვლია ალიზის ისტორია და დამზადების ტრადიციული მეთოდები; შექმნილიყო მისი ახალი დიზაინი და ეპოვა თანამედროვე მშენებლობაში გაგრძელების ხაზი.
ვორქშოფი ალიზი 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში მიმდინარეობდა და შერჩეულ ოთხ მონაწილესთან ერთად მოიცვა კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები. შესწავლილ იქნა ალიზის შენობები კახეთის სოფელ ქვემო მაღაროში და ქართლის სოფლებში: რუისი, გარეჯვარი და ხიდისთავი. გარდა ამისა, ვორქშოფის გუნდმა საქართველოს რეგიონებიდან მოიპოვა სხვადასხვა ფერის მიწები, რითიც დაამზადდა აგურების ახალი მოდულები და კედლის დეკორატიული ფილები.
ვორქშოფი ალიზი პირველი მცდელობაა ამ მასალის შესახებ ცნობიერების ამაღლების და თანამედროვე მშენებლობაში მისი დაბრუნების პირობების განსაზღვრის. სამთვიანი მუშაობის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ტრადიციულ და ახალ აგურებს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იმ მასალებს, რომელთა არაეკოლოგიური წარმოების გამოც მსოფლიო გლობალური დათბობისა და კატასტროფების წინაშე დადგა; იმისთვის, რომ ალიზმა არსებული სამშენებლო ნორმები დააკმაყოფილოს და მისი სრულყოფილი მოდულები შეიქმნას, მომდევნო წლებში საჭიროა დამატებითი ვორქშოფების ჩატარება, რაც პრაქტიკულ სამუშაოებთან ერთად მოიცავს ლაბორატორიულ კვლევებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გამოფენაზე წარმოდგენილია მონაწილე სტუდენტების აგურები: ჰაე – მარიამ პაპავა; დომინო – ჯოყოლა ქისტაური; ჯ – ელენე ფიჩხაძე, ეს – მეა მიმინოშვილი; ასევე იდააფ არქიტექტორების სტუდიაში დამუშავებული მოდულარული აგურების IAS და IAM ინსტალაცია. ეს ორი უნივერსალური ფორმა ადვილად თავსდება ერთმანეთში, არ საჭიროებს სამაგრებს ან შემავსებელს და საშუალებას იძლევა მარტივად აშენდეს წინასწარ დაგეგმილი შენობები. გამოფენაზე იდააფ არქიტექტორები ასევე წარმოადგენს ალიზით დამზადებულ საავტორო ავეჯს კოლექციიდან აგური.
გამოფენა მოეწყო Idaaf Architects-ის ორგანიზებით.
კურატორი: ნანა ზაალიშვილი.
იდააფ არქიტექტორების გუნდი: ალექსანდრე იობიძე, სოფო წივილაძე, დეა ხიზანიშვილი.
მონაწილეები: მარიამ პაპავა, ელენე ფიჩხაძე, ჯოყოლა ქისტაური, მეა მიმინოშვილი.