ელემენტი
ქართული არქიტექტურის მემკვიდრეობის თანამედროვე ინტერპრეტაციები
(მოკლე ინფორმაცია, სრული კვლევა მალე დაემატება)
ელემენტი იდააფ არქიტექტორების ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევითი პროექტია, რომელიც საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს. პროექტი ეფუძნება ნანა ზაალიშვილის წიგნს „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“, რომელიც 2018 წელს გამოიცა და იკვლევს საქართველოს რეგიონებში არსებული მრავალფეროვანი ფორმისა და კომპოზიციის ავტობუსის გაჩერებებს.
100-ზე მეტი გაჩერებიდან რამდენიმე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ესენია საბჭოთა პერიოდში მოღვაწე არქიტექტორ გიორგი ჩახავას მიერ აგებული გზისპირა პავილიონები, რომლებიც რკინა-ბეტონის ასაწყობი პანელებითაა შექმნილი. ეს მოდულარული პანელები არქიტექტურის მოულოდნელ შესაძლებლობებს აჩვენებს და მარტივი ფორმით, თუმცა მოქნილი სივრცული კომპოზიციებით გამოირჩევა.
კვლევამ გამოავლინა ჩახავას „სამშენებლო ელემენტის“ მჭიდრო კავშირი ტრადიციული ქართული ოდა სახლების სტრუქტურულ ლოგიკასთან – კერძოდ, მათ ქილიქთან, სახლის გარე კუთხესთან, რომელიც მომიჯნავე გვერდების წინგამოშვერილი ფიცრების ერთმანეთზე გადანასკვის საფუძველზე წარმოიქმნება. ოდა სახლი ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და შესწავლილი ტიპია. ოდა სახლები მოცულობით არც თუ ისე დიდი, მაგრამ კომპლექსური ნაგებობებია, რომლებიც ულურსმნოდ, მრავალი კომპლექსური დეტალით იგებოდა, რაც მათი დაშლის, გადაადგილების და სხვა ადგილას იგივე ფორმით აწყობის საშუალებას იძლეოდა და რომელთა სხვადასხვა დეტალი სხვადასხვა ჯიშის ხისგან მზადდებოდა, მათი სტრუქტურული ფუნქციის შესაბამისად. ჩახავას ხედვა, გარდაექმნა ქართული არქიტექტურის ეს არქაული დეტალი თავისი ეპოქის შესაბამის ახალ მიგნებად და რკინა-ბეტონის მასალით დაეკავშირებინა მოდერნისტული არქიტექტურის პრინციპებთან, გახდა იდააფის ინსპირაცია შეექმნა ამ ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლი და ტრადიციის გაგრძელება, რაც ამ ეტაპზე სკულპტურულ ავეჯში გამოიხატა.
ავეჯის კოლექცია ‘ელემენტი’ ეს არის კონკრეტული ფორმები, რომლებიც იგივე ჭდობის მეთოდით თავსდება ერთმანეთში და მყარ ობიექტებს ქმნის. ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, ”ელემენტი” მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის. ელემენტი-ს ავეჯი სრულდება ქართული ქვის და ხის მასალაში და ყურადღება ექცევა ადგილობრივი მასალების შესაძლებლობების გამოვლენას. ქვის ნივთები მზადდება ქართული დიაბაზის, წითელი მარმარილოს, ტუფის, კირქვის და ბაზალტის მასალაში. ხის მასალით შექმნილი ავეჯი სრულდება საუკუნოვანი ხის ოდა სახლების იმ დეტალებით, რაც ამ კოლექციის საწყისი ინსპირაციაა. ეს მეთოდი ტრადიციულ ქართულ სამშენებლო მეთოდს თანამედროვე მასალებში აცოცხლებს და მას ახალ ფუნქციას სძენს. ელემენტი ქართული არქიტექტურის ტრადიციებს თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და მას სკულპტურულ ავეჯში გარდაქმნის.
კოლექცია სრულად: კოლექცია ელემენტი
ფოტო: გიორგი ჩახავას საოჯახო არქივი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ნანა ზაალიშვილი, გურამ კაპანაძე, Oxilia Gallery

























