იდააფ არქიტექტორების ახალი ოფისი
მდებარეობა: ი. ჯავახიშვილის ქ.47, თბილისი
ფართობი: 75 მ2
წელი: 2025
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე
იდააფ არქიტექტორები 2024 წელს ახალ შენობაში გადავიდა. ეს ისტორიული ნაგებობა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აშენდა და ქუჩის მხრიდან ერთსართულიანია, თუმცა მოიცავს სხვადასხვა დონეებსა და სტრუქტურას ძველ თბილისურ სტილში, სქელი აგურის კედლებით, ნიშებით და შუშაბანდით შიდა ეზოში.
სანამ მთლიანი შენობის რესტავრაცია პროცესშია, იდააფ არქიტექტორებმა მის ერთი ნაწილი დაასრულა და ფუნქციონირებას იქ აგრძელებს.
ინტერიერში ავთენტიკური აგურის კედლები თეთრი ფერის ტონალობაშია შეღებილი. შენარჩუნებულია ოთახებს შორის გამყოფი კედლების ხის სტრუქტურის ბოძები. ოფისი იდააფ არქიტექტორების მიერ სხვადასხვა დროს შეგროვებულ ქართულ ეთნოგრაფიულ ნივთებს მოიცავს და ამავდროულად, სტუდიის არქიტექტურული და დიზაინ ნამუშევრების ექსპოზიციაცაა.





