სახლი 'დიღომი'
მდებარეობა: ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქ., დიღომი, თბილისი
ნაკვეთის ფართობი: 540 კვ.მ
საერთო ფართობი: 260 კვ.მ
წელი: 2018-2021
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე
სახლი "დიღომი“ თბილისის ახალ და ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რაიონში მდებარეობს. უბანი ჯერ ისევ მშენებარეა და ქალაქურ ინფრასტრუქტურას მოკლებული, თუმცა აქტიური განვითარების პროცესში. სახლის ვცელი ვიტრაჟებიდან კარგად აღიქმება შორი მთაგორიანი ლანდშაფტები და ამ რაიონში მიმდინარე ურბანული პროცესებით გამოწვეული განაშენიანების მძაფრი სიმჭიდროვე.
0.00 დონეზე ინტერიერი წარმოადგენს ერთ უწყვეტ სივრცეს, სადაც სათავსების ფუნქციური განლაგება კომფორტულ ცირკულაციას ქმნის. მთავარი შესასვლელი უკავშირდება ზედა სართულზე ამავალ კიბეს და საერთო ოთახს, რომელიც თავის მხრივ სამზარეულოსა და სასადილო ზონის მიმდებარედაა განთავსებული. მე-2 სართულზე მდებარეობს საძინებელი ზონა 3 საძინებლით და 1 სამუშაო ოთახით. დამხმარე სათავსები მიწისქვეშა სართულზეა განთავსებული. სართულებზე ცირკულაცია ხდება ერთხაზოვანი კიბით, რომელიც მთლიან სიგრძეზე მიუყვება შენობას. ინტერიერში გამოყენებულია მუქი და ღია ფერის კომბინაციები. დაბალანსებულია ბუნებრივი ქვის, ხის, მიკრო ცემენტისა და კერამიკული ფილების ტექსტურები.
მოზრდილი ზომის მისაღებ ოთახში რბილი ავეჯი ბუხრისა და კედლის თაროების პირდაპირ არის განთავსებული. B&B Italia-სთვის შექმნილი პაოლო პივას Alanda Coffee Table ამრეკვლად ზედაპირს ქმნის მარმარილოს დეკორატიულ პანელებთან და ერთგვარად აცოცხლებს ინტერიერს. ბუნებრივი მარმარილოს ქვა ასევე გამოყენებულია სამზარეულოს კედლებსა და კუნძულზე, რომელიც გეომეტრიულ აქცენტს ქმნის და კონტრასტულია მუქ კარადებთან. სამზარეულოს მოპირდაპირედ განთავსებულია სასადილო სივრცე, სადაც ხის ტექსტურები დომინირებს. ორივე ოთახის მოზრდილი ვიტრაჟებიდან სახლის მწვანე ეზო და ქალაქის ურბანული გარემო ჩანს. მეორე სართულზე, საძინებელ ოთახებში ღია ფერის კედლები და ხის ტექსტურებია გამოყენებული ჰარმონიული და მშვიდი განწყობის შესაქმნელად.
ინტერიერში ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინითაა შექმნილი. აქცენტურია ნანა ზაალიშვილის მუხის ბენჩი „აგური“ დივნის უკან, შავი ფერის მცირე მაგიდა „ელემენტი“ და ხის ორი სკამი “W” მისაღებ ოთახში. სახლი "დიღომი“ შეიქმნა ოჯახისთვის, როგორც ერთგვარი მყუდრო თავშესაფარი ქალაქის მჭიდრო უბანში საცხოვრებლად.