Website is under construction

ღვინის ეროვნული სააგენტო

მდებარეობა: სოფელი ვარდისუბანი, თელავი, საქართველო

კლიენტი: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო

ნაკვეთის ფართობი: 1,500 მ²

შენობის საერთო ფართობი: 800 მ²

საშუალო ნიშნული: 787.1

კონსტრუქტორი: გიორგი თაბაგარი

MEP ინჟინერია: MRV Engineering

სტატუსი: პროცესში

წელი: 2024–2025

2024 წელს იდააფ არქიტექტორებმა მოიგო ღვინის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური შენობის პროექტირების კონკურსი კახეთის ისტორიულ ნაწილში. საპროექტო ტერიტორია თელავთან, სოფელ ვარდისუბანში მდებარეობს და კავკასიონისა და ალაზნის ველის შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. მიმდებარედ ამაღლების საყდარი, მცირე ზომის უსახელო ეკლესიის ნანგრევები და ვარდისუბნის საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს, რომლებიც, მიუხედავად დაზიანებული იერსახისა, მაინც მყარად ქმნიან ადგილის არქიტექტურულ კონტექსტს თავისი ძველი და კახეთისთვის დამახასიათებელი მასიური ქვის კედლებით. საპროექტო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიები ამ ეტაპზე გაუშენიანებელია. ამის გათვალისწინებით, სააგენტოს ახალი შენობა დაიგეგმა იდეით, შეიქმნას მძლავრი არქიტექტურული აქცენტი ისე, რომ არ დაარღვიოს არსებული ლანდშაფტის ბუნებრივი ჰარმონია. პროექტირებისას გათვალისწინებულ იქნა კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელი ზაფხულის მცხუნვარე მზე და ხედები კავკასიონზე, რომელიც ამ მხარის მთავარ სანახაობას წარმოადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის არქიტექტურა განისაზღვრა, როგორც დიალოგი მასასა და ლანდშაფტს შორის. ეს არის ორ დონიანი ნაგებობა, რომლის ზედა, მთლიანად ხედებზე გახსნილი ადმინისტრაციული სართულის მსუბუქი მოცულობა ადგას ქვედა, ნაწილობრივ ლანდშაფტში ჩამალულ და გამწვანებულ სახურავიან სართულს. მასის შესამსუბუქებლად ქვედა სართული ორადაა გაყოფილი გამჭოლი, ნაწილობრივ გადახურული ტერასით, რომლის კიბეებითაც ზედა და ქვედა დონეები ერთმანეთს უკავშირდება. ის მთლიანად გახსნილია ხედებზე და ყველა საჯარო სივრცეს უკავშირდება.

განწყობის შესაქმნელად მის კიდეზე წყლის დეკორატიული გრძივი აუზი დაპროექტდა. ამ სართულზე განთავსებულია სადეგუსტაციო ოთახი, საკონფერენციო დარბაზი და საგამოფენო სივრცეები, სხვა საჭირო დამხმარე სათავსებთან ერთად. მთავარი გზიდან ჩრდილოეთის ფასადის ორივე დონე ჩანს, სამხრეთიდან კი მხოლოდ ზედა ნაწილი, რადგან ქვედა სართულის მწვანე სახურავი არსებულ ლანდშაფტს შეუფერხებლად ერწყმის, რაც ბუნებრივი გორაკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ამცირებს შენობის აღქმულ მასშტაბს, ქმნის ეფექტურ ინსულაციას და ეხმიანება ბანიანი სახლების ტიპოლოგიას, რომლებიც ამ მხარეში თითქმის აღარ შემორჩა.

შენობის ხასიათი ტრადიციისა და თანამედროვეობის ფრთხილად შერწყმიდან მოდის. ზედა, ადმინისტრაციული სართულის ფასადზე გამოყენებულია ადგილობრივ ქვის კარიერებზე მოჭრილი მასიური კირქვის პანელები. თითოეული ეს ქვის პანელი კლასიფიცირებულია ზომისა და უხეში ან სწორი ზედაპირების მიხედვით. ქვედა დონის ფასადები მოპირკეთებულია ყავისფერი, იმპორტული აგურით. ტერიტორიას გარს არტყავს ქვის ე.წ. ყორე ღობე, რომელიც კახური არქიტექტურის მნიშვნელოვანი სახასიათო დეტალია. ჭიშკრები და მცირე არქიტექტურული ელემენტები შესრულებულია ე.წ. ქორთენის, დაჟანგული რკინის ტექსტურით.

ინტერიერში მთავარი აქცენტია სადეგუსტაციო სივრცეში აგურის ოთხი მომრგვალებული კოლონა, რომელიც თელავში მდებარე ყაზახაშვილების ისტორიული სახლის გავლენით დაპროექტდა. მასზე დაყრდნობილია ქართული დარბაზის ინსპირაციით შექმნილი სახურავის ღიობი, როგორც ბუნებრივი სინათლის წყარო შენობის ღრმა სივრცეებში. სადეგუსტაციო სივრცე აქცენტირებულია ხელოვნური განათებით იმ დეტალებზე, რაც ღვინოს კონტექსტს გამოკვეთს: ქვევრები, მარნის სადემონსტრაციო სივრცე და სხვა. საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად, ეს დარბაზი ქმნის ერთგვარ კულტურულ ცენტრს, რომელიც საქართველოს 8000 წლიან მეღვინეობის მემკვიდრეობას აღნიშნავს. ზედა, ადმინისტრაციულ სართულზე ხედები, ბუნებრიბი ქვისა და ხის მოპირკეთება და კომფორტული ავეჯი ქმნის მშვიდ, დინამიურ სამუშაო სივრცეს. ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტი წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას ამ უძველესი ლანდშაფტისა, სადაც საუკუნეების განმავლობაში არქიტექტურა და მევენახეობა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს.

Idaaf Architects

instagram     facebook     vimeo