სახლი 'ელია'
მდებარეობა: ელიას მთა, თბილისი
ნაკვეთის ფართობი: 758 კვ.მ
საერთო ფართობი: 340 კვ.მ
წელი: 2018-2022
კონსტრუქტორი: ირაკლი ჯანჯღავა, გიორგი თაბაგარი
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე
სახლი „ელია“ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბნის, ავლაბრის ზემო ნაწილში, ელიას გორაზე მდებარეობს, რომელიც რელიეფური ლანდშაფტით და თბილისზე თვალწარმტაცი ხედებით გამოირჩევა. ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორია ნაწილობრივ აუთვისებელი, თუმცა განვითარების პროცესში მყოფი ახალი ურბანული გარემოა, სადაც ფუნქციურად საცხოვრებელი სახლები შენდება. არსებული ლანდშაფტის გავლენით, შენობის არქიტექტურა განისაზღვრა როგორც თვითმყოფადი, სწორხაზოვანი ფასადების მქონე ნაგებობა, რომელიც გარემოსთან მკვეთრ კონტრასტს ქმნის. საცხოვრებლის დიზაინი ეფუძნება სამ პრინციპს: ფორმების სიმარტივე, ხედებზე ორიენტირებული გეგმები და მასალების მინიმალისტური ესთეტიკა;
ორსართულიანი, გეგმით მართკუთხა შენობა ფერდობზე, ნაკვეთის შუაშია განთავსებული და ეზოს ორ დონედ ყოფს, საიდანაც ორივე სართულზე დამოუკიდებლად ხდება წვდომა. მთავარი შესასვლელი მოწყობილია ჩრდილოეთით, ზედა სართულზე, ზღვის დონიდან 564,4 მ. სახლის ინტერიერი ნათელია და მარტივი გეგმარება აქვს. ზედა სართულზე განთავსებულია სამი საძინებელი, მცირე ზომის საერთო სივრცე და დამხმარე ოთახები; ასევე კიბე, რომელიც ქვედა სართულს უკავშირდება, სადაც ერთ გახსნილ სივრცეში მდებარეობს სამზარეულო, მისაღები და სასადილო ზონა, ასევე სამუშაო ოთახი და სათავსო. სახლის მთავარი ოთახები მოწყობილია სამხრეთ ფასადზე და ყველა მათგანს აქვს ხედი თბილისზე.
სახლი „ელია“-ს არქიტექტურული კომპოზიცია მართკუთხაა პრიზმაა, რომლის ბეტონის ძირს ხის შავი პანელების ფასადი ადგას, რაც შენობის ფუნქციურ დაყოფას უსვამს ხაზს. ბეტონისა და შავი ხის მინოლითურ ხასიათს მაღალი ვიტრაჟებში არეკლილი ცის ფერი ამსუბუქებს. ორდონიანი ლანდშაფტის დიზაინი დაგეგმარდა როგორც ღია სივრცე, სადაც აქცენტს მიმოფანტული ხეები და ბუჩქები ქმნის. ოჯახისთვის შექმნილი სახლი „ელია“ არსებულ გარემოში პროტაგონისტია და დომინან გეომეტრიულ სტრუქტურას ქმნის.