ბინა 'არაყიშვილი'
მდებარეობა: დ. არაყიშვილის ქ. თბილისი
ფართობი: 125 კვ.მ
წელი: 2019-2021
ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე
ბინა „არაყიშვილი“ თბილისის ცენტრალურ, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. ქალაქის ყოველდღიური ხმაური და სწრაფი ცხოვრების რიტმი ბინის ვიტრაჟებიდან მძაფრად აღიქმება. მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და ტექსტურები ისეა შერჩეული, რომ ქალაქის დინამიკა შიდა სივრცეების სიმყუდროვეს ვერ არღვევს.
მთავარი სივრცეები: სამზარეულო და მისაღები ოთახი გადაწყვეტილია ხის, თეთრი ფერის და მეტალის ამრეკვლად ტექტურებში. სამზარეულო მისაღები ოთახისგან ალუმინის ვრცელი ვიტრაჟითაა გამოყოფილი, რაც დომინანტურ აქცენტს ქმნის. სამშენებლო ბლოკების ტექსტურა მისაღები ოთახის მთავარ კედელზე ერთგვარი დინამიური ფონია ავეჯისა და სხვა დეკორატიული ნივთებისთვის.
საერთო სივრცეების საპირისპიროდ, საძინებელი ყავისფერ და მუქ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რომელთან კონტრასტსაც სააბაზანოს შუშის აგურის კედელი ქმნის. საძინებელში გამოყენებულია კაკლის ხის მუქი ტექტურები. სააბაზანოს დიზაინი ნატურალური მარმარილოს მუქი და მდიდარი ზედაპირებია, რომელსაც ფონად იატაკის გეომერტიული კერამიკული ფილა აქვს.
ინტერიერში ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინითაა შექმნილი. აქცენტურია შემოსავლელში ნანა ზაალიშვილის ტუფის ქვის კონსოლი „ელემენტი“, მასიური მუხის გრძელი სკამი „აგური“ მისაღებ ოთახში და მასიური კაკლის ხის მცირე მაგიდა „აგური“ საძინებელში. სანათები &Tradition, Luis Poulsen, Flos და Element_ -ის მაღაზიებიდან შეირჩა.
ბინის დიზაინი შეიქმნა ახალგაზრდა იურისტისთვის, როგორც ერთგვარი მყუდრო თავშესაფარი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ.