ელემენტი

“ელემენტი” იდააფ არქიტექტორების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის სტუდიაში მიმდინარე კვლევების შედეგად შეიქმნა და წარსულის პროცესების ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

ნანა ზაალიშვილის პროექტი: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“, რომლის შესახებ წიგნი 2018 წელს გამოვიდა, იკვლევს ამ მცირე ზომის გზისპირა თავშესაფრებს, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში მრავალფეროვანი ფორმებით და კომპოზიციებითაა წარმოდგენილი.

შესწავლილი 100-ზე მეტი გაჩერებიდან რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. ესენია გაჩერებები, რომლებიც  ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტითაა” აგებული - მარტივი ფორმის რკინა-ბეტონის ასაწყობი პანელებით, რომელთა სივრცული კომპოზიციები არქიტექტურის მოულოდნელ შესაძლებლობებს გვაჩვენებს. გიორგი ჩახავას ოჯახის არქივში “სამშენებლო ელემენტი”-ს კვლევისას გამოჩნდა ამ გამოგონების მნიშვნელობა და ავტორის მასშტაბური ხედვა.  “ელემენტით” იგი აგებდა როგორც ავტობუსის გაჩერებებს და პავილიონებს, ისე ქარგილებს ხიდის ბურჯებისთვის, ბენზინგასამართ სადგურებს და სამშენებლო მოედანზე მშენებლების ქოხებსაც კი.

კვლევის დროს გამოიკვეთა “სამშენებლო ელემენტის” მჭიდრო კავშირი ე.წ “ყელგაფსკვინილი კედლის” დეტალთან, რომლითაც საქართველოში ოდა სახლები იგებოდა  და ზოგადად, ხით მშენებლობის ერთ-ერთი დამახასიათებელი მეთოდია. ეს დეტალები კოლხური ჭდობის მეთოდით თავსდება ერთმანეთში და კედლის მყარ კონსტრუქციას ქმნის. ჩახავას ხედვა გარდაექმნა ქართული არქიტექტურის ეს არქაული დეტალი თავისი ეპოქის შესაბამის ახალ მიგნებად და რკინა-ბეტონის მასალით დაეკავშირებინა მოდერნისტული არქიტექტურის პრინციპებთან, გახდა ინსპირაცია და ასე შეიქმნა ავეჯის კოლექცია “ელემენტი”, რომელიც წარსულის ამ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელებაა.

ავეჯის კოლექცია ‘ელემენტი’ ეს არის კონკრეტული ფორმა და მისი მოდულარული ზომებით შექმნილი სხვადასხვა ფუნქციის ნივთები, რომლებიც თავიაანთ სივრცულ გამომსახველობას ინტენსიური ტექსტურების მრავალფეროვნებით გამოხატავს. ცვალებადი სტრუქტურებისა და მრავალფეროვანი მასალების გამო, ”ელემენტი” მუდმივად განახლებადია და ფუნქციური თავისუფლების შესაძლებლობას ქმნის.

“ელემენტი” სრულდება ქართულ ქვის და ხის მასალაში და ყურადღება ექცევა ადგილობრივი მასალების შესაძლებლობების გამოვლენას. ქვის ნივთები მზადდება ქართული დიაბაზის, წითელი მარმარილოს, ტუფის, კირქვის და ბაზალტის მასალაში.

ხის მასალით შექმნილი ავეჯი სრულდება საუკუნოვანი ოდა სახლების ყელგაფსკვნილი კედლის ხის იმ დეტალებით, რაც ამ კოლექციის საწყისი ინსპირაციაა. ამ მეთოდით ეს ნივთები შექმნის ლოგიკურობის ჯაჭვში კიდევ ერთი რგოლის სახით დაემატა. წარსულის მეთოდის ჯერ საბჭოთა ეპოქაში, შემდეგ კი თანამედროვე რეალობაში გარდაქმნით “ელემენტმა” შეიძინა ახალი ფუნქცია და თანამედროვე მასალებში გამოხატვის შესაძლებლობა.  

“ელემენტი” აცოცხლებს ტრადიციულ ქართულ სამშენებლო მეთოდს და მას სკულპტურულ ავეჯში გარდაქმნის.

ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი
ელემენტი