ალიზი / ლაზური
2022 წლის თბილისის სახელოვნებო გამოფენაზე იდააფ არქიტექტორებმა წარმოადგინა ექსპოზიცია ალიზი / ლაზური, რომელიც სტუდიის ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად შექმნა და ეფუძნება ქართული ფერადი მიწის ტიპოლოგიას, ლაზური სახლების არქიტექტურას და მათ ერთობლივ ესთეტიკას.
წარმოდგენილი ექსპოზიცია არის პირველადი შედეგები 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში იდააფ არქიტექტორების მიერ ჩატარებული ვორკშოფისა: „ალიზი - ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში გამოყენების პერსპექტივები“, რომელიც მოიცავდა საქართველოში ალიზით ნაშენები სახლების შესწავლას, ტრადიციული ალიზის აგურის დამზადებას და ამ მიღებული ინფორმაციებით განახლებული ალიზის შექმნას, რაც გამოვლინდა ფორმისა და ფერის ცვლილებაში.
ახალი ალიზის მზადებისას ქართლისა და კახეთის სოფლებში შესწავლილ იქნა ალიზით ნაშენი სახლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოპოვებულ იქნა განსხვავებული ფერის და სტრუქტურის მიწები, რომლითაც შეიქმნა სხვადასხვა ფორმის ალიზის აგური, როგორც სამშენებლო ისე დეკორატიული გამოყენებისთვის.
ლაზური სახლების შესწავლა განხორციელდა აჭარაში, ქედის სოფლებში: ჭინკაძეები და ზუნდაგა. მათი სახასიათო არქიტექტურა, პროპორციები და მასალების შეთავსება გახდა ექსპოზიციის მთავარი იდეისა და დიზაინის განმსაზღვრელი. წარმოდგენილ სკულპტურულ ნივთებს ავეჯის დანიშნულება აქვთ და შესრულებულია ხის, ალიზის, კერამიკის და ალუმინის მასალაში.
მცირე მაგიდები ალიზი და ალიზი/2 იდააფ არქიტექტორების საავტორო აგურის ფორმის მოდიფიცირებით შეიქმნა. ფუძეში კაკლის ხისგან დამზადებულ აგურს იმავე ფორმის ორი/სამი ცალი ალიზი ეყრდნობა. აგურების შეფერილობა ბუნებრივია, ხოლო გამოყენებული მიწები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაა მოპოვებული.
მაგიდა ლაზური -ს იდეა ლაზური სახლების დიზაინს ეფუძნება. ალიზის ღრუიან ფილებში მოთავსებულია მოჭიქული თიხის კვადრატული ფორმები, რაც ლაზური სახლის არქიტექტურულ ტიპოლოგიას იმეორებს. ალიზის ფილებისთვის მიწები მოპოვებულია ჟინვალისა და გარიყულას ტერიტორიებზე და თავიაანთი ბუნებრივი ფერითაა წარმოდგენილი.
შირმა ნალია ზემო აჭარაში მოძიებული საუკუნოვანი ნალიის კედლებით შექმნილი კონსტრუქციაა. წაბლის ხის ზედაპირზე ამოკვეთილი ღიობები თითქოს იდეურად ლაზურ სახლებს ემსგავსება და მათი ღიობების კონცეფციას ჭრების განსხვავებული ფორმებით იმეორებს.
აღსანიშნავია, რომ ვორკშოფი პირველი ეტაპია იმ დიდი სამუშაოებისა, რომელიც მიზნად ისახავს ალიზის (Adobe Brick) ანუ მზეზე გამომწვარი აგურით მშენებლობის პრაქტიკის დაბრუნებას საქართველოში. ალიზი არის უძველესი სამშენებლო მასალა, რომლის დამზადება 0% ზიანს აყენებს გარემოს, მისი გამოყენება კი 90% -ით უფრო ენერგოეფექტურია მშენებლობაში ვიდრე სხვა თანამედროვე სამშენებლო მასალები და სრულად პასუხობს გლობალური დათბობის პრობლემის გადაჭრას.
გუნდი: ნანა ზაალიშვილი, სოფო წივილაძე, ალექსანდრე იობიძე, დეა ხიზანიშვილი.
განსაკუთრებული მადლობა:
გივი ჯაყელს - მიწის არქიტექტურის შესახებ ცოდნის გაზიარებისა და ალიზის დამზადების პრაქტიკული გაკვეთილებისთვის;
სალომე ბერეჩიკიძეს და ნიტა იაშაღაშვილს - ექსპოზიციის ნივთების შესრულებისას გაწეული დახმარებისთვის;
პაატა ხარაზიშვილს - ხის მასალაში გაწეული სამუშაოებისთვის;
სამშენებლო კომპანია „ალიზი“-ს - ფინანსური და მეგობრული მხარდაჭერისთვის.
ფოტო: იდააფ არქიტექტორები | გურამ კაპანაძე