პროექტი: „თამაშობანა“ – სივრცე ბავშვებისა და მშობლებისთვის

დანიშნულება: კაფე | მაღაზია | გასართობი

საერთო ფართი: 104 კვ.მ

მდებარეობა: გ.ახვლედიანის #13. თბილისი

წელი: 2016 – 2017

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი

სტატუსი : პროექტი

 

„თამაშობანა“  Start Up -ია, რომელიც მომხმარებელს ქართულ საგანმანათლებლო და გასართობ თამაშებს სთავაზობს ბავშვებისა და დიდებისთვის. კომპანიის მისიაა, ასწავლოს ბავშვებს ის თამაშები, რომლებსაც წინა თაობები თამაშობდნენ საქართველოში; დიდებს კი გაახსენოს თავისი საყვარელი თამაშები.

გიორგი ახვლედიანის ქუჩა თბილისის ერთ-ერთი სახასიათო ადგილია თავისი არქიტექტურით, ისტორიითა და ამჟამინდელი ფუნქციით. თამაშობანას კაფე/მაღაზიის სივრცე  #13-ში  მდებარე წითელი აგურის შენობის მიწის სართულზე მდებარეობს. პროექტი შედგება რამდენიმე სათავსისგან. ძირითად სივრცეში განთავსებულია კაფე, მაღაზია და საბავშვო სახლი.

ინტერიერის პროექტზე მუშაობისას მთავარი აქცენტი გაკეთდა მაქსიმალურად მეტი მცენარესა და ისეთი იერსახის შექმნაზე, რომ ადგილი სიჭრელით არ დამსგავსებოდა საბავშვო ბაღს ან ბავშვთა გასართობ ცენტრს, არამედ ყოფილიყო ერთნაირად საინტერესო მოზრდილებისა  და ბავშვებისთვის. მთავარი მიზანი იყო მასალებისა და ფერების კომბინაციით ისეთი ინტერიერის შექმნა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს დააკმაყოფილებს, ხოლო ბავშვებს შეუქმნის ისეთ გარემოს, სადაც მაქსიმალურად გაიმრავალფეროვნებენ ფანტაზიებს და დაიკმაყოფილებენ ინტერესს.