მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო

შენობის ფართობი: 296 კვ.მ

წელი: 2018

სტატუსი: პროექტი

სიღნაღი საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონში, კახეთში მდებარეობს, რომელიც ღვინის კულტურითა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებითაა ცნობილი. ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის შთამბეჭდავ სივრცესა და კავკასიონის ქედებს. ქუჩები დაფარულია ქვაფენილით, ხოლო შენობების უმეტესობა თხელი წითელი აგურითაა აშენებული. ასევე ვხვდებით რიყის ქვით ნაშენ სახლებს ხის მოჩუქურთმებული აივნებითა და შემინული შუშაბანდებით, რაც ამ ადგილის არქიტექტურულ ხასიათს ქმნის.

წარმოდგენილი პროექტი მცდელობაა უარი თქვას სიღნაღში ჩამოყალიბებულ არქიტექტურულ სტილზე და მასში ახალი ელემენტი შეიტანოს – სახლი, რომლის იდეაც დაფუძნებულია გამჭვირვალობასა და ენერგოეფექტურობაზე, რომელიც ქმნის კავშირს საცხოვრებელსა და გარემომცველ ბუნებას შორის.

სახლი დაპროექტებულია შიგნიდან გარეთ და უწყვეტ კავშირს ქმნის გარემოსთან. მოზრდილი, გადაუხურავი დიორამის საშუალებით, ინტერიერი ბუნებაში განვითარებული მოვლენების უშუალო მონაწილეა. კედლები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების დამაკავშირებელი ბარიერია, აქ წაშლილია და შუშის ვიტრაჟებითაა ჩანაცვლებული, რაც მაცხოვრებლებს უქმნის შეგრძნებას, რომ ისინი გარემოს განუყოფელი ნაწილი არიან.

ინტერიერი მოზრილი სივცეა, რომელის ოთახებიც კაკლის ხით მოპირკეთებული კედლებით გამოიყოფა და რაც დამატებით დეკორატიულ ელემენტს ქმნის. იატაკი პოლირებული ბეტონია, რომელიც ეხამება სამზარეულოს მინიმალისტური დიზაინის ალუმინის ამრეკვლად ტექსტურას.

მთლიანობაში შენობა ცდილობს წაშალოს საზღვარი ადამიანსა და ბუნებას შორის და შექმნას გარემოსთან ადაპტირებული, კომფორტული საცხოვრებელი.