პროექტი: სამლოცველო
მდებარეობა: რუკომო, რუანდა
საპროექტო ტერიტორია: 750 კვ.მ
შენობის საერთო ფართობი: 50 კვ.მ
წელი: 2019
სტატუსი: კონკურსი

“ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყალება, მრავალი სულგრძელებით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს,  რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდებლად.”

რომაელთა მიმართ 9:23,

ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტი აერთიანებს რუნდას გენოციდის დროს დაღუპულთათვის მიძღვნილი ძეგლის იდეას, შთამბეჭდავ ვიზუალიზაციასთან ერთად, რომელიც მომავლის იმედის გამომხატველია. ეს წმინდა ადგილი გარემომცველი ლანდშაფტიდანაა ამოზრდილი და რუკომოს მომაჯადოებელ და დამამშვიდებელ ხედებს გადაჰყურებს. სტრუქტურას გარს აკრავს ტყე, რომლის ცოცხალი ფერები ირეკლება არა მხოლოდ თასის ფორმის სახურავში, არამედ ჩამოზნექილი ფორმის ჭერზეც, რაც წარმოშობს ბუნებასთან ჰარმონიის, შენდობისა და სიმშვიდის განცდას მლოცველებში.

ბიბლია ამბობს: “ადამიანი ჭურჭელია ღვთის სიყვარულისა… როცა ერთმანეთის სიყვარულს ვისწავლით, იგი ჩვენში განაგრძობს ცხოვრებას.“ რუანდას სამლოცველოც ერთგვარი ჭურჭელია. აქ წვიმის სეზონებზე წყალი გროვდება და ცას ირეკლავს თავისი  ღვთით მომადლებული ყველა დიდებულებით. ნაგებობა ქმნის თავშესაფარსა და წყლის ავზს ფრინველთა დასაწყურებლად;  ჭურჭლის ზედაპირი შეღებილია ლურჯ ფერად, რომელიც მშრალ სეზონზე შორიდან დანახვისას თითქოს უსასრულობის განცდას  ქმნის და რაც მთავარია, შორიდან ადვილად შესამჩნევი მკვეთრი ფერის წერილია.

იატაკისა და სამლოცველოს ოთახების მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ადგილობრივი ყვითელი თიხა და მისგან დამზადებული აგური. უფრო მეტი თვითმყოფადობისთვის სამლოცველოს ინტერიერში გამოყენებულია არქიტექტორ ლინა ბო ბარდის საკულტო ხის სკამები. საკურთხეველი და ამბიონი იგივე ხის მასალითაა შესრულებული და ეს ყველაფერი ჭერზე გამოყენებული უჟანგავი ლითონის კრისტალისებრი ფორმის ტექსტურაში ირეკლება. მზიდი სვეტები შავად შეღებილი მეტალია. უჟანგავი ლითონისგან დამზადებული ჯვარი ჰაერშია გადაკიდებული და სიმბოლურად გამოხატავს თავშეწირვასა და შენდობას. წვიმის დროს სახურავიდან გადმოღვრილი წყალი ჯვრის უკან ქმნის ერთგვარ ფარდას, რომელიც წარმოადგენს ვიზუალურ მეტაფორას ღმერთის სიყვარულისა, რომელიც სამყაროში გადმოიღვარა.

გორაკებს შორის გაჭრილი გრძელი ბილიკი მომლოცველებს სალოცავისაკენ მოუძღვება. ხეები ორივე მხრიდან გარს აკრავს გზას, ქმნის სიმშვიდისა და სიწყნარის განცდას და ამზადებს სალოცავად მოსულს წმინდა ადგილთან შესახვედრად- როდესაც პილიგრიმი სალოცავს უახლოვდება, მზადაა წარსულის გასახსენებლად და მომავლის იმედის საპოვნელად.