პროექტი: მშვიდობის მონუმენტისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია

დამკვეთი: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

საერთო ფართი: 7745 კვ.მ

შენობის ფართი: 445 კვ.მ

ავტორები: იდააფ არქიტექტორები | Saxon Management Services

მდებარეობა: გუდაური, საქართველო

წელი: 2017

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე შეფენილი ეს სოფელი დედაქალაქთან სიახლოვით, საინტერესო სასრიალო ტრასებითა და შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა, სადაც ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. სათხილამურო სეზონზე, რომელიც ნოემბრის ბოლოდან იწყება და აპრილამდე გრძელდება, გუდაური სრული დატვირთვით მუშაობს.

გუდაურიდან 3,6 კმ-ში მდებარეობს „მშვიდობის მონუმენტი“, რომლის ფორმებიც გამოჩენილ ქართველ არქიტექტორ გიორგი (გოგი) ჩახავს ეკუთვნის. გადმოსახედი გზიდან მოშორებით ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება ხეობასა და მთების მასივზე. მონოტონური თაღედი ჰარმონიას ქმნის მთების ფორმებთან, ხოლო ფერადი მოზაიკა, რომელზეც ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა ნოდარ მალაზონიამ იმუშავა, აბსოლიტურ კონტრასტშია გარემოსთან და ყურადღებას პირველივე ნახვიდან იპყრობს.

მონუმენტი 1983 წელს, საბჭოთა კავშირის საქართველოში აშენდა. ის საქართველო-რუსეთის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნა. ნაგებობა საბჭოური მოდერნიზმის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია და თავისი ფორმების, ზომისა და ფერადი მოზაიკის გამო დღემდე მუდმივი ყურადღების ცენტრშია. მშვიდობის მონუმენტი არა მხოლოდ საინტერესო და ლამაზი კონსტრუქცია, არამედ ღირებული ნაგებობაცაა, რომელზეც გამორჩეულმა ქართველებმა იმუშავეს. ის საბჭოთა მოდერნიზმის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნუმუშია და მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო ნათელი გახდა, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა „ტაშენმა (TASCHEN) ის თავის წიგნ: “CCCP – Cosmic Communist Constructions Photographed“  გამოაქვეყნა.

ამ ადგილის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გამოყენების, ისე ადგილობრივების ჩართულობისა და ინფორმაციების გაცვლის კუთხითაც. გარდა იმისა, რომ ეს გახდება ერთგვარი საინფორმაციო ცენტრი, იგი შეითავსებს კულტურულ მნიშვნელობასაც, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ამ მხარის ისტორია/კულტურას, მოისვენონ სასიამოვნო გარემოში, დატკბნენ არაჩვეულებრივი ხედებით და დაგეგმონ მნიშვნელოვანი საქმეები.

თვითონ მონუმენტი 1217 ფილისგან შედგება, ზომებით 60×70 სმ. ამჟამად, გარკვეული რაოდენობა ფილებისა დაკარგულია, ისინი რეაბილიტაციის შემდეგ იდენტური ტექნიკით დამზადებული მოზაიკური ფილებით აღდგება.

ტერიტორიის დაგეგმარება გენერალური გეგმის პროექტის დამუშავებით დაიწყო. მონუმენტის მიმდებარედ დაგეგმარდა კომფორტული და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გზა ქვეითებისთვის, რომელიც პარკინგიდან მონუმენტს უკავშირდება. ავტოსადგომი 25 მანქანაზეა გათვლილი, რომელიც მოიცავს ადგილებს ჰიბრიდის, 3 ავტობუსისა და ველოსიპედებისთვის. პროექტში არსებული ყველა დეტალი შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. ამის გარდა გენგეგმაზე განთავსდა შენობა და მოდერნიზებული რეკრეაციული ზონა.

შენობა გრძივ მართკუთხედს წარმოადგენს, რომლის მთავარი იდეაა არ მიიქციოს მონუმენტზე მეტი ყურადღება და ჰარმონიულად ჩაეწეროს არსებულ გარემოში. ის ერთ სართულიანია და სიმაღლე 4მ-ს არ აღემატება. ფასადები მთლიანად შუშისაა, რომლებიც გარემოს ირეკლავს და შენობაც თითქოს კამუფლაჟირებულია.

სახურავზე განთავსებულია მწვანე ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ალპურ ზონაშია და მცენარეები აქ ნაკლებად ხარობს, საინტერესოდ მივიჩნიეთ ექსპრიმენტი, მიმდებარე ხეობებიდან გადმოვრგოთ ბუჩქები შენობის სახურავზე და მნახველებში ერთგვარი მოულოდნელობის ეფექტი შევქმნათ.

შენობაში განთავსებულია კაფე სამზარეულოთი, სუვენირების მაღაზია/ინფო ცენტრი, საზოგადოებრივი საპირფარეშო, დამხმარე სათავსები და საკონფერენციო/საგამოფენო დარბაზი, სადაც შესაძლებელი იქნება წელიწადის ნებისმიერ დროს ღონისძიებებისა და გამოფენების დაგეგმვა. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ შეიძლება გამოიფინოს ის საინტერესო მასალა, რომელიც ამ ადგილთანაა დაკავშირებული, ფაქტები, მოვლენები, ავტორები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შენობაში მხოლოდ ნატურალური მასალები იქნება გამოყენებული. ბუნებრივი ხეს ინტერიერში სითბო შემოაქვს, ხოლო მაღალი ვიტრაჟები გარემოთი 360 გრადუსით დატკბობის შესაძლებლობას იძლევა.

.