პროექტი: ლუდსახარში

მდებარეობა: ქედელი, საქართველო

ფართობი: 900 კვ.მ

წელი: 2016-2017

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი

ქედელი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული ქალაქ სიღნაღიდან 10 წუთის სავალზე, კახეთში მდებარეობს.  ეს ადგილი თავისი გორაკებიანი ლანდშაფტით, კავკასიონსა და ალაზნის ველზე არაჩვეულებრივი ხედებითა და ნაყოფიერი მიწით გამოირჩევა.

ლუდის ისტორია საქართველოში იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც ორ ზღვას შუა მოქცეულ ამ ტერიტორიას საქართველო ჯერ არ ერქვა და მხოლოდ ქართველური ტომებით იყო დასახლებული. ურარტუელებს, რომლებიც ძვ.წ XI-VII საუკუნეში უკვე რამდენიმე სახეობის ლუდს იცნობდნენ, ქართველურ ტომებთან ძალიან ახლო კავშირი ჰქონდათ და სავარაუდოა, რომ ამ ტერიტორიებზე ლუდის კულტურა შუამდინარეთიდან, ლუდის სამშობლოდან გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ხორბლისა და ქერის სახნავ-სათესების უძველესი კერა ალაზნის ველია, მხარე სადაც ქედელი მდებარეობს. საქართველოში ლუდის წარმოება კახეთის მთიანეთს, თუშეთს, ფშავსა და ხევსურეთს  უკავშირდება, სადაც ლუდი წმინდა სასმელად ითვლება და ყველა ტრადიციული რიტუალი სწორედ ამ სასმელით აღინიშნება. ასევე აღსანიშნავია, საცხოვრისების ტიპი ამ მხარეებიდან, სადაც ლუდის წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო სათავსები მათი განუყოფელი ნაწილია. თავისებურებითა და განსაკუთრებული ფორმებით გამოირჩევა ქართული ლუდის სასმისებიც.

ლუდსახარში ‘ქედელი’ 1140 მფართობზე განთავსებული ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი შენობა მთლიანად ლუდსახარშისა და მისთვის საჭირო სათავსებს ეთმობა, ხოლო მეორეში მცირე ზომის სასტუმრო და რესტორანია განთავსებული. ორივე შენობას საერთო სარდაფი/მარანი აერთიანებს, რომელიც შენობის აბსოლიტური ნიშნული 814,3-დან -2,6 მ-ზე, მიწაში მდებარეობს.

ტერიტორია დაგეგმილია ისე, რომ უშუალოდ შენობა შუაშია განთავსებული და იქმნება შიდა და გარე ეზოები. შიდა ეზო მომსახურე პერსონალს, დისტრიბუციის მანქანებისა და სხვა „შავი“ სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ამის მიუხედავად, სტუმრებისთვის მოსახერხებელ გარემოს ქმნის ლუდსახარში-სასტუმრო ან რესტორანში მოსახვედრად. გარე ეზო პირველია, რაც ლუდსახარშ „ქედელს“-ში მოსულ სტუმარს ხვდება. აქედან შესაძლებელია მოხვედრა უშალოდ რესტორანში ან მარანში.

სასტუმრო/რესტორნის შენობა ორ დონეზეა განთავსებული, მიწის სართულზე რესტორანი მდებარეობს, თავისი დამხმარე სათავსებითა და სამზარეულოთი. აქვეა მოსასვენებელი სივრცე ბუხრით და შთამბეჭდავი ხედებით ქედელზე. აღსანიშნავია, რომ ლუდსახარშის შენობა რესტორანს შუშის ვიტრინით უკავშირდება, რაც სტუმრებისთვის იქ მიმდინარე პროცესებს უფრო საინტერესოს ხდის. შენობის მეორე, +3,6 დონეზე სასტუმროა განთავსებული 5 ოთახით. თითოეულ ოთახს დამოუკიდებელი აივანი აქვს. ამ დონიდან ხვდები სახურავზე, რომელზეს მოწყობილია გამწვანებული ტერასა მაგიდებით და საიდანაც იშლება შთამბეჭდავი ხედებით კავკასიონსა და ალაზნის ველზე.

გარე ეზო მოწყობილია ისე, რომ ბუნებაში რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა მოხდეს. აქ მდებარეობს ერთი ტერასა სავახშმო მაგიდითა და ერთი გარე ბუხარი კომფორტული სავარძლებით, რაც სტუმრებისთვის საღამოობით ცეცხლის გარშემო იქვე დაყენებული ლუდის დაგემოვნებას უფრო დასამახსოვრებელს გახდის. გარე ეზოს კეთილმოწყობა ადგილობრივ ლანდშაფტში მოძიებული ბუჩქებითა და ხეებით იგეგმება.

ფასადები გადაწყვეტილია ქვასა და ხეში. ქვა ადგილობრივია და მიმდებარე სოფლებში უკვე დანგრეული სახლებიდან მოიპოვება, დეკორი აივნებზე თუშური არქიტექტურის გავლენით შეიქმნა.