პროექტი:  საოფისე – ადმინისტრაციული შენობა

(განაცხადი შ.პ.ს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის.)

მდებარეობა:  ქ.თბილისი, სანდრო ეულისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების კუთხე.

მიწის ნაკვეთის ფართი – 9354 მ2

საერთო ფართი – 30440 მ2

წელი: 2016

გუნდი: ნანუკა ზაალიშვილი, რეზი კრაწაშვილი, თათა გაჩეჩილაძე, დიმიტრი ჯობაძე

სტატუსი : პროექტი 

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, ს. ეულისა და ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩების კვეთაზე და გარემოცულია საცხოვრებელი, ადმინისტრაციულ-საოფისე და კომერციული ფართებით. არსებული ურბანული გარემო შედარებით ახალია და წარმოადგენს გამოწვევას თანამედროვე, საინტერესო არქიტექტურული გადაწყვეტებისთვის.

ვინაიდან საპროექტო ტერიტორიის ვიზუალურად აღქმის არეალი მთლიანად გახსნილია ა.პოლიტკოვსკაიას ქუჩის მხარეს, წარმოდგენილი არქიტექტურული პროექტის მთავარი ფასადიც სწორედ ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული.

შენარჩუნებულია შესასვლელი სანდრო ეულის ქუჩის მხრიდან, ასევე საპროექტო წინადადებით გათვალისწინებულია მეორე შესასვლელი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდანაც, შესაბამისად საფეხმავლო და სამანქანო მოძრაობის სქემა დაუბრკოლებელ ციკლში ტრიალებს.

პროექტირებისას მთავარი ინსპირაცია ჩილელი არქიტექტორის, ალეხანდრო არავენას „პრაქტიკა“ გახდა. ის მრავალსართულიან შენობას ისეთი ფასადით მალავს, რომელიც მასშტაბს „იტყუება“ და  გაცილებით დაბალი სიმაღლის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ შემთხვევაში ცხრა სართულიან შენობას სამ დონიანი, ვერტიკალური მიმართულების კედლების კომპოზიცია მოესადაგა მთავარ ფასადზე, ხოლო დანარჩენი ფასადები რკინის კონსტრუქციის კომპოზიციით დაიფარა, საიდანაც სართულები უკვე ზუსტად აღიქმება.

ფასადზე გამოყენებულია თეთრი ტრავერტინის ქვა, მინა და რკინის შავი ფასადის კომპოზიცია.

შენობას ცხრა სართულზე გახსნილი ატრიუმი გააჩნია, რომლის ერთადერთი, პირველი დონე მთლიანად ლობის ეთმობა, სადაც მოსასვენებლი სივრცე, საინფორმაციო დახლი და ლიფტებია განთავსებული. საერთო კაფე, ოფისები და ფასადის ტერასებთან დამაკავშირებელი ხიდებიც ლობიზე გამოდის. დიდი ყურადღება ეთმობა შიდა გამწვანებას, მაქსიმალურად კომფორტული და  ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ლობის ავეჯი ცნობილ დანიური ფირმას, PHL Studio-ს ეკუთვნის, ხოლო ლანდშაფტში გამოყენებული ბეტონის დახვეული ბენჩები LaLaport TOYOSU-ის ანალოგია.

შენობას გარე თხუთმეტი და მიწის წვეშ სამ დონეზე განთავსებული ავტოსადგომი გააჩნია 252 მანქანაზე. გეგმარებაში პირველი ორი დონე უკავია მომსახურებისთვის საჭირო სათავსებს, სადაც განთავსებულია საქმიანი ზონები, მედიისა და ბრიფინგების ოთახები, საკონფერენციო დარბაზები და სივრცე დროებითი პროექტებისთვის, კანცელარია, საშვთა ბიურო, ბავშვების კუთხე, დაცვა და ა.შ. ტიპური სართული მოიცავს ლიფტებს, საპირფარეშოებს, შეხვედრების ოთახებს, სასაწყობე ფართებს, დამატებით ლიფტებს მომარაგება/ნაგვის გასატანად და საოფისე ფართებს ორგანიზაციებისთვის. ბოლო ორი სართული მთლიანად უკავია მინისტრის კაბინეტსა და მასთან დაკავშირებულ დეპარტამენტებს, ასევე ტრანსფორმირებად საკონფერენციო დარბაზებსა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ჩასატარებელ სივრცეებს.