პროექტი: ინდივიდუალური ერთბინიანი სახლი

მდებარეობა: ელიას მთა, თბილისი

ფართობი: 315 კვ.მ

წელი: 2018-2019

სტატუსი: მიმდინარე

მასალა: შეღებილი წიწვოვანი ხე | ბეტონი

საპროექტო ტერიტორია თბილისის ერთ-ერთი ძველი უბნის, ავლაბრის ზედა მონაკვეთში, ელიას მთაზე მდებარეობს, რომელიც თავისი რელიეფური ლანდშაფტით და თბილისზე შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. ნაკვეთის მიმდებარე გარემო აუთვისებელი, თუმცა განვითარების პროცესში მყოფი ახალი ურბანული გარემოა, სადაც ფუნქციურად ძირითადად საცხოვრებელი  სახლები შენდება.

ჯერ კიდევ გაუნაშენიანებელი მიწისა და ცარიელი ლანდშაფტის გამო, საპროექტო ნაგებობის არქიტექტურა განისაზღვრა როგორც თვითმყოფადი და სწორხაზოვანი ფასადების მქონე  შენობა, რომელიც გარემოსთან მკვეთრ კონტრასტშია.

საცხოვრებლის კონცეფცია ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს: ფორმების სიმარტივე, სადაც მთავარი მოქნილი გეგმარებაა თბილისზე ორიენტირებული ხედებით, არქიტექტურული იერსახე და გარემოსდაცვითი (ენერგოეფექტური) მიდგომების გატარება.

შენობა იყოფა ორ დონედ, სადაც მთავარი შემოსვლა ხდება ზედა სართულიდან. ამ ნიშნულზე (564.4 მ ზღვის დონიდან) საძინებლები სამხრეთ მხარესაა დაგეგმარებული. შენობის ქვედა სართული -3.5 მ-ზე მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს უჭირავს და სამი მხრიდან მიწაშია მოქცეული.

გარემოსდაცვითი მიდგომები გულისხმობს როგორც შენობის სწორ ორიენტაციასა და კედლების და სახურავის დათბუნებას, აგრეთვე მიწის თერმული მასის გამოყენებას (თბოგაცემის პროცესის შესანელებლად), და სამხრეთის ვიტრაჟების გადაჩრდილვას ისე, რომ მაქსიმალურად აითვისებულ იქნას ზამთრის მზე და დაბლოკოს ზაფხულის რადიაცია.

ზედა სართული მოპირკეთებულია გამომწვარი ან შეღებილი წიწვოვანი ხის პანელებით. ორივე ტიპის მოსაპირკეთებელი პანელისთვის პროექტირების დასაწყისშივე დამზზადდა სატესტო ვარიანტები, რაც განთავსდა სამშენებლო ტერიტორიაზე და დაკვირვების პროცესშია. შენობის საბოლოო მოსაპირკეთებელ მასალადაც მათ შორის ყველაზე მდგრადი და გამძლე ვერსია აირჩევა.

შავი, ელეგანტური ფასადები კონტრასტულად უკავშირდება ქვედა დონეზე გამოყენებულ ბეტონის უხეშ ზედაპირებს, რითაც არქიტექტურულ კომპოზიციაში ხაზს უსვამს შენობის ფუნქციურ დაყოფას.